„ეს კანონი უკვე მერამდენედ მოვიდა პარლამენტამდე. ყველა ჯერზე ყველა რელიგიური გაერთიანება, ვინც რელიგიათა საბჭოში ვართ, ვაპროტესტებთ ამ და მსგავს კანონებს იმიტომ, რომ ეს არავის არ დაიცავს, უმცირესობებს ყოველ შემთხვევაში და ეს იქნება ძლიერი იარაღი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, ეს საფრთხე ყველამ კარგად იცის და ძალიან გული მწყდება, რომ ამ საშინელ კანონზე მსჯელობით აგვირგვინებს პარლამენტი ბოლო წელს. იმედია, ამ კანონს ვერ მიიღებენ” - ასე აფასებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებების კანონპროექტს, რომლის თანახმად, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1000 ლარით.
აღნიშნულ კანონპროექტს გუშინ, 2 თებერვალს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ დაუჭირეს მხარი.
კანონპროექტის ავტორია დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, ხოლო ინიციატორი - სოსო ჯაჭვლიანი.
საქართველოს პარლამენტში 2 წლის წინაც შევიდა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებდა.
2013 წელს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრებმა აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელეს.
„მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში რელიგიასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის კონფლიქტი არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი და რელიგიათა საბჭოს წევრებს ამ საკითზე ადრეც გაგვიკეთებია განცხადება, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ ხსენებული ნორმის შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებს და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
რელიგიათა საბჭოს წევრები ასევე ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ გამოხატვის თავისუფლების ამგვარი რეგულაციის დაწესებით საფრთხე შეიძლება შეექმნას დემოკრატიულ განვითარებას, პლურალიზმს საზოგადოებაში, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ფართო დისკუსიებსა და ამ თუ იმ რელიგიური გაერთიანებისადმი უბრალოდ კრიტიკული პოზიციის გამოხატვასაც.” - ამონარიდი 2013 წლის განცხადებიდან