
„ჩვენ რომ მაშინ დაუფიქრებლად მივიღეთ მათი ძალიან ბევრი რჩევა, იმიტომ ვართ დღეს აი ამ დღეში“, - პარტია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ თავის სიტყვაში ყურადღება საქართველოში უცხოელების აქტიურობის თემაზე გაამახვილა.
თოფაძე პრეზიდენტის ინიციატივებს უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე არ იზიარებს.
„თქვენ ვრცლად ილაპარაკეთ, რომ უცხოელების აქტიურობა საქართველოში ნამდვილად მისაღებია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენ უფრო კრიტიკულები უნდა ვიყოთ. ანალიზი უნდა გავუკეთოთ მათ მიერ შემოთავაზებულ პროექტებს და ისე ვიმოქმედოთ. მე მოვიყვან მაგალითებს, 90-იანი წლების მეორე ნახევარში რა აქტიურად შემოდიოდნენ უცხოელები, მრჩევლები, ეს იყო მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და მთელი რიგი სხვა დიპლომატები. მე და ჩემს თანაგუნდელებს ჩვენი ხედვა გვაქვს. ყველა უყურებს თავის ინტრესების პრიზმით საქართველოს“, - მიმართა თოფაძემ პრეზიდენტს.