რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის სახდელის დაწესების შესახებ კანონპროექტის მიღების საკითხი საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივა არ ყოფილა, - განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს.
საპატრიარქო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას ეხმაურება, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის ადმინისტრაციული სახდელის შემოღებას ითვალისწინებს.
„როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის შემოღებას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის. სოციალურ ქსელებშიც და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია ამ კანონპროექტთან საპატრიარქოს კავშირის შესახებ, მიაჩნიათ რა, რომ მისი მიზანი თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის „ჯანსაღი კრიტიკის აცილებაა“, რაც რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა.
რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ ამ და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან მიმართებაში მომავალ სამშაბათს საქართველოს საპატრიარქოში ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალი რელიგიური გაერთიანებების სამუშაო შეხვედრა იგეგმება“, - ნათქვამია განცხადებაში.
2 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1000 ლარით.
ცვლილებებს მხარი კომიტეტის ექვსმა წევრმა დაუჭირა: ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ.
ეკა ბესელიას თქმით, მეორე მოსმენაზე ფორმულირებაში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს .
კანონპროექტის ავტორია დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, ხოლო ინიციატორი - სოსო ჯაჭვლიანი.