საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპატრიარქოს წარმომადგენლებზე, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, 5 დიპლომატიური და 20 სამსახურებრივი პასპორტი გასცა - საპატრიარქოს წარმომადგენლებზე გაცემული პასპორტების შესახებ ინფორმაცია „ლიბერალმა" სამინისტროდან გამოითხოვა.
როგორც სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის #176 დადგენილებით დამტკიცებული წესით დანართით განსაზღვრულია დიპლომატიური პასპორტის მიღების უფლების მქონე საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ქორეპისკოპოსი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი და საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის „მომლოცველთა სამსახურის" დეპარტამენტის თავმჯდომარე.
ამავე წესის #2 დანართით, კათოლიკოს-პატრიარქის წარდგინებით სამსახურებრივი პასპორტის მიღების უფლება საპატრიარქოს 40 თანამშრომელს აქვს.
სამინისტროში განმარტავენ, რომ 5 დიპლომატიური და 20 სამსახურებრივი პასპორტი საპატრიარქოს წარმომადგენლებზე აღნიშნული წესის შესაბამისად გასცეს.
აღნიშნული დადგენილება და მისი დანართები სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაცემას არ ითვალისწინებს.