„მე ჩემი პრიციპების გადახვევას არ ვაპირებ - თავისუფლება უპირველეს ყოვლისა", - ამის შესახებ „მაესტროს“ პარტნიორთა კრებიდან გამოსულმა არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა.
ლევან გაჩეჩილაძის თქმით, იგი აპირებს კომპანიის შესწავლას და უახლოეს მომავალში ცვლილებებს არ გეგმავს.
„სანამ კომპანიას არ შევისწავლი ყველა მიმართულებით, კონტენტის, ფინანსური დამოუკიდებლობის, ინტელექტუალური მიმართულებით არანაირ ცვლილებას არ ვაპირებ. მერე, ერთბაშად დავდებ ჩემი მოქმედებების გეგმას. ამისთვის მჭირდება გარკვეული დრო. არ ვარ ინფორმირებული, კონკრეტულად რა მძიმე პროცესები მიდის „მაესტროს“ შიგნით. ინფორმირებული ვარ, მხოლოდ ზოგადად, რომ მძიმე პროცესები მიდის ხელფასებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. არავის გაშვებას არ ვაპირებ - ინტელექტუალური აზროვნების გამოყენებისკენ ვარ მოწოდებული“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, „მაესტროს“ მართვა არის უდიდესი პასუხისმგებლობა.
„მე მჭირება ძალიან ბევრი ინფორმაცია და ბაიასთან ერთად მინდოდა დამეგეგმა ყველა მომავალი ნაბიჯი და იქ გამოჩნდებოდა, ვინ, სად, როგორ და რაინაირად არის მოწადინებული მუშაობაზე. მე ჩემი პრიციპების გადახვევას არ ვაპირებ - თავისუფლება უპირველეს ყოვლისა. მთავარი ლოზუნგია გადმოვრთოთ ადამიანები „რუსთავი2-დან“. „რუსთავი2-ის“ რეიტინგს მინდა ვაჯობო", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
ტელეკომპანიის პარტნიორთა კრებამ „მაესტროს“ დირექტორის ბაია გადაბაძის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალიტებს კრების მიმდინარეობისას მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტნიორებმა არ გაითვალისწინეს არც ერთი არგუმენტი და 55%-ის მფლობელმა მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.
მისივე თქმით, დირექტორის მოვალეობას ლევან გაჩეჩილაძე შეასრულებს.
ადვოკატის თქმით, ჯერ უცნობია გაასაჩივრებს თუ არა ბაია გადაბაძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
კრებაზე გამოცხადებული შესვენების დროს დარბაზი კომენტარის გარეშე ერთად დატოვეს ძმებმა გაჩეჩილაძეებმა და ბაია გადაბაძემ. კრება სხვა საკითხებით რამდენიმე წუთში განახლდება.
პარტნიორთა კრებაზე ბაია გადაბაძის მოხსნის საკითხის განხილვა გია გაჩეჩილაძემ მოითხოვა. გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელი 1 თებერვალს გახდა.