Amnesty International-ის განცხადებით, „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ" კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში განიხილავენ, ამოქმედების შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლებას ძირს გამოუთხრის. ორგანიზაცია წერილში აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი პროექტი შეუთავსებელია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან.
„პროექტმა შესაძლოა რელიგიური ლიდერებისა და ინსტიტუტიების კრიტიკა აკრძალოს, შეზღუდოს პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე - მათ შორის ქალების, ლგბტ პირების, რელიგიური უმცირესობების საკითხებზე გამოხატვის თავისუფლება" - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, საჯარო კრიტიკისგან რელიგიური ინსტიტუციების დაცვა არა მხოლოდ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არამედ აძლიერებს მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციის შესაძლებლობას, მათ შორის რელიგიის სახელით ჩადენილი ძალადობის გამართლებას.
„საქართველოს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს კანონპროექტს. საქართველოს ხელისუფლებამ ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადადგას გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი თავშეყრის უფლების უზრუნველსაყოფად ყველასათვის, მათ შორის უმცირესობებისთვის" - აცხადებს ორგანიზაცია და მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ LGBT პირთა მიმართ დისკრიმინაცია უნდა აღმოფხვრას.