Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გია გაჩეჩილაძის 25%-იანი წილის 400 ლარად შესაძენად სასამართლოში დავა მიმდინარეობს

05 თებერვალი, 2016 18:02

გია გაჩეჩილაძის ადვოკატ ირაკლი კორძახიას თქმით, სურთ, რომ „მაესტროს" წილის 25% გაჩეჩილაძისგან 400 ლარად იყიდონ. ადვოკატის თქმით, სასამართლოში უკვე შეტანილია საქმე, რომელიც მხარეთა შორის წილის ნასყიდობის შესახებ 2011 წელს დადებულ ხელშეკრულებას ეხება.

ხელშეკრულების თანახმად, „სტუდია მაესტროსა" და „რუსთავის მედიის მართვის კომპანიას" შორის 2009 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით, ვადაზე ადრე შეწყვეტიდან ერთი კვირის განმავლობაში, ამავდროულად არაუგვიანეს 2012 წლის 10 დეკემბრისა, გაჩეჩილაძეს პარტნიორებისთვის (მამუკა ღლონტი, გიორგი ებრალიძე, ლევან ჩიკვაიძე და ეკა აკობია) თავისი 25%-იანი წილი (ეკა აკობიასთვის 2,5%, ხოლო დანარჩენებისთვის 7,5-7,5 პროცნტი) უნდა გადაეცა. მამუკა ღლონტი აღნიშნული წილის მისაღებად სასამართლოში დავას იწყებს.

გაჩეჩილაძის ადვოკატის თქმით, 30 ნოემბერს ეს ხელშეკრულება შეწყდა, შესაბამისად, 1 დეკემბრამდე მამუკა ღლონტს საშუალება ჰქონდა, წილი გადაეფორმებინა, თუმცა მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებია, რის შედეგადაც, ეს უფლება გაუქარწყლდა. ირაკლი კორძახიას განმარტებით, მოსარჩელის დავა სასამართლოში წარუმატებელი იქნება. 

„400 ლარი ნომინალური ღირებულება იყო. მაშინ ასე გააფორმეს პარტნიორებმა. ნამდვილად ძალიან დაბალი ფასია. ისინი ამბობენ, რომ მოთხოვნა ყადაღის გამო ვერ დააყენეს, თუმცა ყადაღა 8 დეკემბერს გაქარწყლდა, ანუ ვადის გასვლიდან ერთი დღის შემდეგ. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გასვლასთან ყადაღას არანაირი კავშირი არ აქვს", - ამბობს ადვოკატი.

მამუკა ღლონტის ადვოკატი პაატა კიკვიძე კი „ლიბერალთან" აღნიშნავს, რომ გაჩეჩილაძემ ამ ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, პარტნიორებისთვის 25%-იანი წილი გადაეფორმებინა, თუმცა მის შესრულებას თავი აარიდა. ადვოკატის თქმით, სასამართლოში სარჩელი თვე-ნახევრის წინ შეიტანეს და პროცესი მომზადების სტადიაშია.

„რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" მიერ დაწყებული დავის ფარგლებში წილს ყადაღა დაედო, რის გამოც ძირითადი ხელშეკრულება ვერ გაფორმდა, რადგანაც ყადაღის დადება წილის განკარგვას კრძალავს. შესაბამისად, მხარეებმა პარტნიორთა კრების ოქმი გააფორმეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვალდებულების შესრულება ყადაღის გაუქმებამდე უნდა გადავადდეს. ყადაღა 2015 წლის ოქტომბერს მოიხსნა. 

ადვოკატი ირაკლი კორძახია „ლიბერალთან" საუბარში განმარტავს, რომ გაჩეჩილაძე კრების ოქმს არ აღიარებს, რადგან მის მინდობილ პირს, ილია კიკაბიძეს იმ დროისთვის, როცა ოქმი გაფორმდა, მინდობილობა აღარ ჰქონდა.

„გაჩეჩილაძე არ აწერს ხელს ამ ოქმს. შესაბამისად, მას იურიდიული შედეგები ვერ ექნებოდა. ხელშეკრულებას ვადა 2012 წლის ნოემბერში გაუვიდა", - ამბობს ადვოკატი. 

გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" დამატებით 30%-იანი წილი 2016 წლის 1 თებერვალს შეიძინა.  

სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისთვის გადახდილი აქვს „მაესტროში“ მათი 15-15% წილის შესყიდვის საფასური, რომლის რაოდენობა კონფიდენციალურია და განსაზღვრულია ცალკე შეთანხმებით.

აღნიშნული ცვლილების შემდეგ კი „მაესტროს" წილები რეესტრის დღევანდელი მონაცემებით ასე ნაწილდება: გია გაჩეჩილაძე - 55%, მამუკა ღლონტი -15%, ეკატერინე აკობია - 5 %, და მაკა ასათიანი - 25%.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^