დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას ის სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რომელმაც გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები წინა წლებში განახორციელა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, „თბილისის განვითარების ფონდის“ მასშტაბურ პროექტზე „ახალი ტფილისი“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები „ინ-სი“ და „დაგი“ იმუშავებენ.
„სამშენებლო კომპანია „დაგი“ ქართულ სამშენებლო ბაზარზე 2003 წელს, ხოლო „ინ-სი“ 2007 წელს შემოვიდა. ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული სამუშაოების მიხედვით აღნიშნული კომპანიების ბალანსზე მრავალი მასშტაბური პროექტი ირიცხება.
„დაგის“ მიერ განხორციელებული პროექტებია: სათაფლიის ნაკრძალის სრული მშენებლობა, მესტიის რეაბილიტაცია, ქუთაისის ოპერის თეატრის აღდგენითი სამუშაოები და მრავალი სხვა.
რაც შეეხება კომპანია „ინ-სი-ს“, მის მიერ შესრულდა დავით აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები წინა წლებში. 2007 წლიდან „ინ-სის“ მიერ აშენდა ორმოცდაათზე მეტი სამშენებლო ობიექტი და ჩატარდა სხვადასხვა ქუჩებისა და ქალაქების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის კახეთში - თელავის რეაბილიტაცია და ძველი თბილისის უბნები“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.