საჯარო რეესტრი ლევან გაჩეჩილაძეს „მაესტროს“ დირექტორად დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მაინც არ დაარეგისტრირებს - ამის შესახებ „ლიბერალს“ მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ უთხრა.
მისი განმარტებით, რეგისტრაციის შეჩერების მიზეზი ის გახდა, რომ გადაბაძემ რეესტრში წარადგინა სარჩელი და მისი სასამართლოში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. სარჩელის ერთ-ერთი შუამდგომლობა დავის დასრულებამდე, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, პატრნიორთა კრების იმ ოქმის მოქმედების შეჩერებაა, რომლითაც ბაია გადაბაძე დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა, მის ადგილზე კი ლევან გაჩეჩილაძე აირჩიეს.
ადვოკატის თქმით, სარჩელის საფუძველია კრების მოწვევის პროცედურები და მტკიცება, რომ გადაბაძის გათავისუფლება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და შეიცავს მისი დევნის ნიშნებს.
„საინტერესოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქმის შეჩერებაზე უარი თქვა, თუმცა მოგეხსენებათ, ეს უარი არ შედის ძალაში სანამ გასაჩივრების პროცედურები არ ამოიწურება, ანუ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეუძლია, დაინტერესებულ მხარეს გაასაჩივროს. შემდეგ, დაახლოებით 20 დღის ვადა სჭირდება იმავე სასამართლოს, რომ იმსჯელოს, რამდენად საფუძვლიანია საჩივარი და თუ მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა, - დააკმაყოფილებს, თუ არ დააკმაყოფილებს, აგზავნის საქმის მასალებთან ერთად ამ საკითხს სააპელაცი სასამართლოში. ამდენად, ოქმის მხოლოდ შეჩერების საკითხთან დაკავშირებით მინიმუმ თვეზე მეტი ვადაა საჭირო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდეს. შესაბამისად რეესტრმა თქვა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას დაელოდება“ - ამბობს ადვოკატი.
საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.