
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა „ახალი პოლიტიკური ცენტრი ცენტრი - გირჩის" საგარეო მდივანი გახდა.
„დავთანხმდი რა ზურაბ ჯაფარიძის შემოთავაზებას, ვუერთდები ახალ პოლიტიკურ ცენტრს, როგორც საგარეო მდივანი. არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკური პარტიის წევრი, მაგრამ როგორც სახელმწიფო მოხელე დიპლომატის რანგში არაერთი წლის განმავლობაში, არც შორს ვყოფილვარ საშინაო პოლიტიკისგან", - ამბობს კუდავა.
როგორც ის ამბობს, მისი მიზანია ქვეყნის განვითარების კრიტიკულ ეტაპზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ორი მიმართულებით:
„1. „ქართული ოცნების“ ქმედითუუნარო ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის დამთავრება ოქტომბრის არჩევნებით, კერძოდ ,ქვეყნის ისტორიაში პირველი ჭეშმარიტად კოალიციური პროდასავლური მმართველობის შექმნის გზით.
2. ეკონომიკის სწრაფი პროგრესი, რათა მეტი ფული გაჩნდეს თითოეული მოქალაქის ჯიბეში. მიმაჩნია, რომ ახალ პოლიტიკურ ცენტრს აქვს საუკეთესო ეკონომიკური პროგრამა, რომელიც მიმართულია ერთდროულად დაბალანსებული ბიუჯეტისა და ბიუჯეტის გაჭირვებული ოჯახების მიმართულებით ორიენტირებისკენ.
ეს ახალი ძალა, როგორც პროევროპული ცენტრისტული პარტია - სოციალურად ლიბერალური და ფისკალურად კონსერვატიული - განსაკუთრებით შეეცდება მოიპოვოს იმ ელექტორატის ხმები, რომელიც გულაცრუებულია ორპოლუსიანი კონფრონტაციული პოლიტიკური პეიზაჟით. ასეთი კი მოსახლეობის ნახევარზე მეტია", - ამბობს კუდავა.