
პატარკაციშვილების ოჯახის მრჩეველი, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ „მაესტრო“ უკვე დიდი ხანია იყიდება და მის ყიდვას VTB ბანკი გეგმავდა.
„არსებობდა VTB ბანკის შეთავაზება, რომელიც შემდეგ „უცნობმა" გაანეიტრალა, თორემ „მაესტროს" აქტივებს ასხვისებდნენ. სულ მიდიოდა „მაესტროს" გაყიდვაზე ლაპარაკი“, - განაცხადა რუხაძემ გუშინ „ქრონიკასთან“ ინტევიუში.
მისი თქმით, კოტე გოგელიას ამ ტელევიზიაზე ფულის ხარჯვა აღარ სურდა, რადგან პატარა ტელევიზია ფინანსურად დამთრგუნველია.
„ასე თუ ისე, გოგელია „მაესტროს" გაყიდდა. თუ ნორმალური პირობები იქნებოდა, ჯობდა, „უცნობს" ეყიდა. ეს, ალბათ, „იმედს" საშუალებას მისცემდა, კონტრაქტი, რომელიც „მაესტროსთან" აქვს, გაეგრძელებინა და გაეგრძელებინა ნორმალური ვითარებაც, ვიდრე ვინმე ახალი შემოსულიყო“, - ამბობს რუხაძე.
მისი თქმით, როდესაც მან კომპანიის წილის საყიდლად ფული გაჩეჩილაძეს ასესხა, მას ბიზნესინტერესი ამოძრავებდა.
სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, იმ დროისთვის „მაესტროს" 25-იანი წილის მფლობელმა გიორგი გაჩეჩილაძემ გიორგი ებრალიძესა და ლევან ჩიკვაიძეს „მაესტროში“ მათი 15-15% წილის შესყიდვის საფასური გადაუხადა, რომლის რაოდენობა კონფიდენციალურია და განსაზღვრულია ცალკე შეთანხმებით. სწორედ, აღნიშნული წილის შეძენის შემდეგ გახდა (1 თებერვალს) გია გაჩეჩილაძე „მაესტროს" საკონტროლო პაკეტის (55%) მფლობელი.
გია გაჩეჩილაძის თქმით, ის „მაესტროს გადარჩენისთვის“ პატარკაციშვილების ოჯახს დაუკავშირდა.
როგორც გაჩეჩილაძე ამბობდა, „მაესტროს გადარჩენას“ სჭირდება ფული და ამაში შეიძლება, ძველი მეგობარი, ირაკლი რუხაძე დახმარებოდა.
მოგვიანებით, ირაკლი რუხაძემ დაადასტურა, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებს თანხა ასესხა. რუხაძე თანხის ოდენობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ სესხი პროცენტიანია.
„მაესტროს" წილები რეესტრის დღევანდელი მონაცემებით ასე ნაწილდება: გია გაჩეჩილაძე - 55%, მამუკა ღლონტი -15%, ეკატერინე აკობია - 5%, და მაკა ასათიანი - 25%.