საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე ტელეკომპანია „ჯიდიესის“ ეთერით ეხმაურება პეტიციას, რომელიც მოითხოვს, „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ სკოლებში.
მისი თქმით, საგნის სტანდარტზე სამინისტრო მუშაობას აგრძელებს, „საბოლოო კონსულტაციებს საპატრიარქოსთან გავდივართ. სწორედ იმ საკითხების გამო, რომელიც რელიგიის, ოჯახის, თემას ეხება“. - ამბობს სანიკიძე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინტერვიუში იყენებს დისკრიმინაციულ ტერმინოლოგიას, დამამცირებელ კონტექსტში:
„თუ საპატრიარქო, განათლების სამინისტრო, სიტყვა-სიტყვით გადის და ხვეწს სტანდარტს, რატომ ვერ აღმოაჩინა ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაპატიოს მართლაც საზოგადოებამ და, მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი, იდენტობა?
„ეს პეტიცია რომ წავიკითხე, შევშფოთდი, როგორც მშობელი, როგორც დედა, და უფრო მეტიც, მზად ვიყავი, მეც მომეწერა ხელი", - აღნიშნა მინისტრმა, თუმცა, მისივე თქმით, ხელმოწერა მაშინ გადაიფიქრა, როდესაც პეტიციაში მოყვანილი ციტატების საფუძვლებს გაეცნო და დაასკვნა რომ ამას სამინისტროსთან კავშირი არ ჰქონდა.
დღეს პარლამენტს საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მიმართა პეტიციით, სადაც აღნიშნულია, რომ „განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენ შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს, ახალი სავალდებულო საგნების „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველოა“ მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა".
ვიდეო: თამარ სანიკიძე გადაცემაში "2030"