„ქრონიკა პლუსის“ რედაქტორ ელისო კილაძის განცხადებით, 2015 წლის მიწურულს „ქართული ოცნების" მხარდამჭერმა, გელა ღურწკაიამ მას ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მიუტანა.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელშიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„ის [ღურცკაია] მე დამიკავშირდა ტელეფონით. მთხოვა შეხვედრა, მოვიდა შეხვედრაზე, მითხრა რომ მას აქვს ფირი, რომელიც ასახავს ეკა ბესელიას და პოლიტპატიმრის ურთიერთობას. ჩავთვალე, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო აუდიომასალა ან რაიმე დოკუმენტი და ა.შ. მან ასევე პირველ შეხვედრამდე მითხრა, რომ ჩემამდე ის ეძებდა ალეკო ელისაშვილს. უნდოდა, რომ ეს მასალები ალეკო ელისაშვილისთვის მიეწოდებინა, მაგრამ ელისაშვილმა მას ტელეფონზე არ უპასუხა. ეჭვი იმან გამიჩინა, რომ მელაპარკებოდა ღია ტელეფონზე ღია ტექსტებით, რომ მოჰქონდა მასალები. სხვა დროს, ვიცით წყაროები როგორ ფრთხილობენ და არ უნდათ გამოიყენონ კომუნიკაციის საშუალებები. მით უმეტეს, რომ შევთავაზე, მისულიყო ოფისში და მასალები დაეტოვებინა. ის დაჟინებით ითხოვდა პირად შეხვედრას. სავარაუდოდ, აღჭურვილი იყო პირადი ტექნიკით და ამ შეხვედრას იღებდა“ - განაცხადა კილაძემ TV პირველის ეთერში.
მისი თქმით, ფირს რედაქციის თანამშრომლებმა უყურეს და დაადასტურეს, რომ ის ნამდვილად ბესელიას პირად ცხოვრებას ასახავს.
„ჩანაწერში ჩანს, რომ ის მეუბნება, სად არის კომპიუტერი. ვუხსნი, რომ არ მაქვს ოთახში არც ინტერნეტი არც კომპიუტერი. ანუ მას უნდა, რომ ჩემთან ერთად უყუროს ამ ფირს და იყოს მოწმე, რომ ეს ფირი ჩვენთან რედაქციაში დატოვა. ფირი ნახეს ჩემმა თანამშრომლებმა, დამიდასტურეს, რომ ეს არის ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი. ამის შემდეგ მე მას ვეუბნები, რომ არავის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი არ მჭირდება“ - ამბობს კილაძე.
ჟურნალისტის თქმით, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და აუდიო-ვიდეო მასალა გადასცა, რის შემდეგაც გელა ღურცკაია დააკავეს.