
საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისია „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის საოპერაციო აქტივების გასხვისების შესახებ „მაგთიკომის“ პრეზიდენტის, დევიდ ლის განცხადებას ზეწოლის მცდელობად აფასებს.
„ბატონი ლის ქმედება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი მიზანია სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებით შეიზღუდოს კონკურენციის პირობებში ბიზნესგარიგების წარმოების შესაძლებლობა და შპს „მაგთიკომი“ დარჩეს შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტის საოპერაციო აქტივის უპირატეს მყიდველად“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
კომისია აცხადებს, რომ „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „მაგთიკომის“ მიერ შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა კომისიამ ჯერ კიდევ გასული წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გასცა. შესაბამისად, შპს „მაგთიკომს“ ყველანაირი, მათ შორის - სამართლებრივი შესაძლებლობა აქვს მიაღწიოს ბიზნესშეთანხმებას შპს „კავკასუს ონლაინთან“.
„რაც შეეხება შპს „მობიტელის“ („ბილაინის“) მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შეძენაზე წინასწარი თანხმობის გაცემის მიზნით მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას, აღსანიშნავია, რომ წარმოება ჯერ არ დასრულებულა, კომისიას გადაწყვეტილება თანხმობის მიცემის თაობაზე ჯერ არ მიუღია, საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის მეორე სხდომა კომისიაში 2016 წლის 10 მარტს არის ჩანიშნული“ - აცხადებს კომისია.
იგი განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ორივე წარმოების პროცესის არცერთ ეტაპზე შპს „კავკასუს ონლაინის“ საკუთრებაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის (ფოთი-ვარნას) გასხვისების საკითხი არ განხილულა და მეტიც - დღის წესრიგშიც არ დამდგარა.