ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ თანხების დაზოგვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების საშუალება „უპორთფელო სამინისტროების გაუქმებაა".
„საქართველო იმართება 19 სამინისტროს მეშვეობით, შევეიცარია - 8 სამინისტროს მეშვეობით. რეზერვი ბიუროკრატიის შემცირების, არის ძალიან დიდი. ვფიქრობ, შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორთფელო სამინისტრო, მაგალითად ევროინტეგრაციის სამინისტრო, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის სახით შეუერთდება, სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც თითქმის არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ გვხვდება. შეიძლება გავაუქმოთ სპორტის სამინისტრო, ხოლო პროფესიული სპორტი პროფესიულ ფედერაციებს დავუთმოთ; კულტურის სამინისტრო, რომელიც საბჭოთა კავშირის გადმონაშთია და აშ." - თქვა ქადაგიძემ „არჩევანის" ეთერში.
მისი განმარტებით, ამ გზით საქართველო ასობით მილიონ ლარს დაზოგავს.
„სულ რომ არაფერი ვქნათ და ამ თანხით შევამციროთ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, პრაქტიკულად გავალთ ძალაინ ჯანსაღ ეკონმიკურ მაჩვეებლებზე" - თქვა ქადაგიძემ.
რაც შეეხება ბიუჯეტს, მისი თქმით, იგი მიზნობრივად უნდა განაწილდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი საბიუჯეტო გამოწვევაც ეს არის.
„თანხა უნდა იხარჯებოდეს მასზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ვფიქრობ, რომ სოციალური ხარჯი მთლიანად უმწეოთა სისტემას უნდა მიებას. უპირველესად უმწეოებს უნდა დავეხმაროთ და არა იმათ, ვისაც უკვე აქვს" - თქვა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს თებერვლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურება.