გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე მთავრობის ოთხბლოკიანი რეფორმების შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთი მიმართულება უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას შეეხებოდა. კერძოდ, პრემიერის განცხადებით, განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება. სისტემაში რესურსის განაწილება ინდუსტრიებში არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდება. როგორც ის განმარტავს, ეს მოხდება არა მხოლოდ ახალგაზრდების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაში 5-წლიან პერსპექტივაში იარსებებს. “ლიბერალი” განათლების მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძეს დაუკავშირდა და უმაღლესი განათლების სისტემაში მოსალოდნელი რეფორმების შესახებ დაუსვა შეკითხვები.
- ბატონო გიორგი, პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება. რას გულისხმობს გერმანული მოდელი და რა ხასიათის ცვლილებებს უნდა ველოდოთ უმაღლესი განათლების სისტემაში?
- საუბარია პროფესიულ განათლებაში დუალურ სისტემაზე. ეს არის დაწყებითი პროფესიული განათლება. დუალური მოდელი ძალიან ცნობილი მოდელია, რომელიც ორიენტირებულია დასაქმებაზე. ასევე, დამსაქმებლის მონაწილეობაზე სწავლის პროცესში, რომელიც ასევე მიმართულია იქითკენ, რომ სტუდენტი ჩართული იყოს შრომის პროცესში. იგივე თემაა უმაღლეს განათლების თემაც. გერმანული დუალური მოდელი გულისხმობს მიდგომებს, რომელიც მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან და კურსდამთავრებულების მომავალ დასაქმებასთანაა დაკავშირებული. ორიენტირებულია იმ დისციპლინების განვითარებაზე, რომელიც ითვლება, რომ პერსპექტივაში ეკონომიკისთვის საინტერესოა. ეს ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი განათლების სისტემა უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული დასაქმებაზე და შრომის ბაზარზე.
- რა კონკრეტული ცვლილებები განხორცილდება?
- ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება. ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ დანახარჯები, რომლებსაც იღებს სახელმწიფო და რომლებიც მიმართულია ვაუჩერების მეშვეობით სხვადასხვა მიმართულებების სტუდენტების დასაფინანსებლად, გადაიხედება იმ პროფესიების სასარგებლოდ, რომლებიც პერსპექტივაში საინტერესოა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენ ვგეგმავთ მომავალს, რომ უმაღლეს განათლებაში დღეს დავიწყოთ ცვლილება. მინიმუმ 5 წელიწადში უნდა ვიცოდეთ, რა ხდება შრომის ბაზარზე, რომელი მიმართულება იქნება საინტერესო ქვეყნისთვის, ასეთი ბევრი მიმართულება არსებობს: ვეტერინარობიდან დაწყებული აგრარული მიმართულებების დამთავრებული - მეღვინეობა და ა. შ. დღესვე მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მიმართულებებს, რომლებიც საინტერესო იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამისთვის ბევრი რამ უკვე კეთდება, მათ შორისაა აგრარული მიმართულების გაძლიერება. სულ ცოტა ხანში, დაახლოებით მაისის თვეში ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება ძალიან საინტერესო საკვლევი და კვლევითი სასწავლო ბაზა, სადაც მოხდება მომავლის სპეციალისტების მომზადება.
- ანუ, ერთი მხრივ, განვითარდება სპეციალობები, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადია, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება მოხდეს ლიმიტის დაწესება ისეთ მიმართულებებზე, რომელიც ჩაითვლება, რომ ბაზარზე მოთხოვნადი არ არის? მაგალითად, პრემიერმა ახსენა საბანკო სექტორი, სადაც მისივე სიტყვებით, ყოველწლიურად 5-10-ჯერ მეტ ბანკირს ვამზადებთ, ვიდრე ამის მოთხოვნაა საბანკო სექტორში.
ის მიმართულებები, რომლებიც აუცილებელია, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს, აუცილებლად შენარჩუნდება და გაძლიერდება. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის განათლების მიმართულება, იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება მასწავლებლები. სტუდენტებში პოპულარული მიმართულებაა ბანკირობა. მაგრამ ალბათ სახელმწიფოსთვის უფრო საინტერესოა, ჰყავდეს მეტი ინჟინერი, რადგან ეს არის ეკონომიკის რეალური სექტორი, რომელიც საქართველოში სწრაფი ტემპით ვითარდება. აქ არის ბიზნესის ჩართულობის საკითხებიც, იმიტომ, რომ მარტო სახელმწიფო არ უნდა იყოს მოთამაშე ამ მოედანზე, უნდა შემოვიდეს კერძო სექტორი, უნდა მოხდეს დაინტერესება და არა მხოლოდ ფინანსური დაინტერესება კერძო სექტორისა, არამედ აქტიური ჩართვა თვითონ სასწავლო პროცესის დიზაინის დონეზეც კი, რადგან მომავალი დამსაქმებლები უნდა მონაწილეობდნენ კურიკულუმის შექმნის პროცესში. რა არის ბიზნესის მოთხოვნები, ზოგადად ქვეყანაში რა ეკონომიკური მოთხოვნებია - ეს არის ის საკითხები, რომლებზეც არა მხოლოდ ვმსჯელობთ, არამედ ვმუშაობთ კიდეც, იმისთვის, რომ გადავიდეთ განვითარების სხვა ეტაპზე. დღემდე რაც ხდებოდა, ეს იყო სექტორის მოწესრიგება. ახლა დგას ეტაპი, როცა ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, რომ გადავიდეთ განვითარების ახალ საფეხურზე, ეს ახალი საფეხური უკავშირდება დასაქმების პერსპექტივას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და იმ პერსპექტივას, რაც აქვს განათლების სეგმენტს საქართველოში, რადგან საქართველოს პოზიციონირება რეალურად რეგიონში უნდა მოხდეს, როგორც ჰაბის.
- სფეროს დალაგებაში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესული ბოლო ცვლილებებს გულისხმობთ?
- დიახ, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც პარლამენტმა დეკემბერში მიიღო და რომლებიც სამეცნიერო სფეროს აწესრიგებს. ეს არის კვლევის დაბრუნება სწავლებაში, ეს არის სამეცნიერო პოტენციალის უფრო უპრიანი გამოყენება და გაძლიერება. მეორე ეტაპზე ამ კვირაში პარლამენტში განათლების ხარისხთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დაიწყება. კიდევ ერთი პაკეტი მზადდება, რომელიც შეეხება ეროვნულ კლასიფიკატორს, პროფესიების ჩამონათვალს, სადაც გაჩნდება ის პროფესიები, რომლებიც დღემდე საქართველოში არ არსებობდა და მოხდება ამის დაახლოება ევროპულ, სტანდარტულ კლასიფიკატორთან.