Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მინიტექნოპარკები საქართველოს სოფლებში - GITA-სა და მსოფლიო ბანკის პროექტი

17 თებერვალი, 2016 16:09

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) მუნიციპალიტეტებსა და მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლებში ინოვაციური ცენტრების, ხოლო დიდ ქალაქებში ჰაბების შექმნას - ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნისა და ჩართულობის გაღრმავებას, ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენასა და მათ დისტანციურად დასაქმებას.

პროექტის შესახებ „ლიბერალი“ სააგენტოს უნარების და კონკურენტუნარიანობის განვითარების სამსახურის უფროსს გიორგი კინწურაშვილს და ჯეოლაბის რექტორს, დამოუკიდებელ ექსპერტს, სანდრო ასათიანს ესაუბრა.

გიორგი კინწურაშვილის თქმით, პროექტი ორ მიმართულებად იყოფა - რეგიონული ჰაბები, რომლებიც დიდ ქალაქებში კეთდება და ინოვაციების ცენტრები სოფლების ბაზაზე.

„პირველი ცენტრი დაახლოებით ერთი თვის წინ უკვე გაიხსნა ხარაგაულში. მიზანი არის, ერთი მხრივ, მეტი ინფორმაციის მიწოდება რეგიონებში და, რაც მთავარია, სატრენინგო მიმართულების გამართვა. გვინდა, ტექნოლოგიების მიმართულებით რეგიონის მოსახლეობის უნარ-ჩვევები განვავითაროთ. ეს შეიძლება, იყოს კომპიუტერის სწავლება, მაგრამ საბოლოო მიზანი არის პროგრამირების ენები, დიზაინი, სხვადასხვა ისეთი სფერო, რომ შემდგომში დისტანციურად დასაქმება შეძლონ. გარდა ამისა, ცენტრის ბაზაზე ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლებაც“, - ამბობს კინწურაშვილი.

GITA-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ინოვაციების ცენტრები სოფლებში, ძირითადად, ბიბლიოთეკების ბაზაზე გაკეთდება, გარემონტდება შენობები, მოეწყობა სივრცე ყველა მიმართულებისთვის.

„იქნება, როგორც სატრენინგო მიმართულებები, ასევე კონკურსები, სხვადასხვა პროექტზე მუშაობა, ასე ვთქვათ co-working space-ის კონცეფციით, რომ იქ მუდმივად რაღაც პროექტებზე მუშაობდნენ ახალგაზრდები. ასევე გადავცემთ Lego Mindstorm-ს, იმისთვის, რომ ბავშვებმა ელემენტარული ისწავლონ, როგორ იწყობა რობოტი, სენსორები როგორ მუშაობს. 3D პრინტერსაც ვაძლევთ, რომ ტექნოლოგიებთან ჰქონდეთ შეხება, ისწავლონ იგი, როგორ მუშაობს და თვითონაც რომ განვითარდნენ პროფესიულად“, - ამბობს კინწურაშვილი.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელი პროექტის კიდევ ერთ მიმართულებაზეც საუბრობს. მისი თქმით, ამ ცენტრების ბაზებს მუდმივად მიაწვდიან სააგენტოს პროგრამების შესახებ ინფორმაციას, იქნება ეს საგრანტო თუ სხვა კონკურსები. კინწურაშვილის განმარტებით, ეს გაადვილებს რეგიონებში იდეების აღმოჩენას და შემდეგში მათ განვითარებას. მისი თქმით, ეს ცენტრები საინტერესო ხალხის პოვნის საშუალება იქნება.

ექსპერტი და კომპიუტერული დიზაინის სპეციალისტი სანდრო ასათიანი პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სოფელში სხვადასხვა მიზანჯგუფს ხვდებოდა. ის რეგიონებში ბოლო წლებში შეცვლილ მდგომარეობასა და ადგილობრივების დაინტერესებაზე საუბრობს.

„კვლევებს ვატარებ რეგიონებში მათ მოთხოვნებზე, რა დონეზე არიან ტექნოლოგიების ცოდნის მიმართულებით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 8 წლის წინ, როცა სხვა პროექტის ფარგლებში ტრენინგებს ვუტარებდი ბავშვებს, საუბარი იყო ბლოგების შექმნაზე, Facebook-ზე დარეგისტრირებაზე, ბავშვებმა არ იცოდნენ რა არის email და ბოლოს გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ყველასთვის email მისამართები. დღეს ეს ბარიერი, ასე თუ ისე, გადალახულია. დადგა მეორე ეტაპის დრო, ვასწავლოთ ისეთი რამ, რაც თვითგანვითარებაში ან დისტანციურად დასაქმებაში დაეხმარებათ“, - ამბობს ასათიანი.

ჯეოლაბის რექტორის თქმით, პროექტში ჩართვისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, ცენტრი ეკუთვნის მუნიციპალიტეტს და ყველას შეუძლია, ჩაერთოს. მისი განმარტებით, სასწავლო პროგრამები არის რამდენიმე მიმართულებით: ახალგაზრდებისთვის პროგრამირება, უფრო დიდებისთვის - ბიზნესი და ბიზნესგეგმის წერა.

„მე ვხვდებოდი გამგეობის თანამშრომლებს. როცა მათ ინტერესი აქვთ, ეს კარგია, რადგან პერიოდულად უტარდებათ ატესტაციები და ახალი ცოდნის მიღება დაეხმარებათ კარიერულ ზრდაში. მეორე ჯგუფია მასწავლებლები, მათაც აქვთ ატესტაციები და ამ მხრივაც არის დაინტერესება. შემდეგი ჯგუფი - სკოლის მოსწავლეები და აქ ყველაზე დიდი ინტერესია. ბავშვები ამბობენ, რომ სულ რამდენიმე პროფესიის არსებობის შესახებ იციან - ბიზნესი, იურიდიული, სამედიცინო. ამიტომ ვიფიქრეთ, ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სპეციალისტის ჩაყვანა, რომლებიც ბავშვებს თავიანთ სპეციალობებზე მოუყვებიან და გააცნობენ. კარგი იქნება, მშობლებიც რომ დაესწრონ, რადგან არც მათ იციან ამ პროფესიების შინაარსი. მეოთხე ჯგუფია მცირე ბიზნესი და ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციები“, - ამბობს სანდრო ასათიანი.

ჯეოლაბის რექტორი განმარტავს, რომ პროექტისთვის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ევალებათ, გამოყონ 3 ოთახი, აიყვანონ თავიანთ ბალანსზე გათბობა, დენი, თანამშრომლის ხელფასი. GITA-ს კი შეაქვს ტექნიკა, ავეჯი და სასწავლო პროგრამა, რომელსაც საუბარია, რომ ჯეოლაბი შექმნის.  მისი თქმით, გაკეთდება სტრიმინგლექციები, რომლის მაგალითიც უკვე არის ჯეოლაბში.

„საჭიროა, დავალაგოთ საფეხურები ისე, რომ თუ რომელიმე სოფელში არის ნიჭიერი ბავშვი, მან ეს საფეხურები გაიაროს და ჩამოვიდეს თბილისში, თუ წავიდეს საზღვარგარეთ. ნიჭიერი ადამიანი სად დაიბადება, არ ვიცით. შეიძლება სადღაც, საქართველოს რეგიონში, ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც მარკ ცუკერბერგის პოტენციალი აქვს და თუ არ ექნება წვდომა, დარჩება ისე, რომ ვერ მოახდენს ამის რეალიზებას. სასწავლო პროგრამა უნდა შედგეს ისე, რომ ამ ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაშიც დაგვეხმაროს“, - ამბობს ჯეოლაბის რექტორი.

სანდრო ასათიანი საუბრობს პარალელურად მიმდინარე კიდევ ერთ პროექტზეც, რომელსაც ჯეოლაბი გეგმავს რამდენიმე კომპანიასთან ერთად და რომელიც ეხება ქართული ონლაინ, დისტანციური დასაქმების პლატფორმის შექმნას. მისი თქმით, იმისათვის, რომ თუ რომელიმე კომპანიას, სადაც პროგრამისტები მუშაობენ, დასჭირდება დამატებითი მუშახელი, შევა ამ პლატფორმაზე და რეგიონიდან დაიქირავებს ვინმეს. ამ გზით, ასევე შესაძლებელია ამ რეგიონებში აღმოჩენილი ნიჭიერი ადამიანების საზოგადოების შექმნა.  

გიორგი კინწურაშვილი განმარტავს რეგიონული ჰაბის მნიშვნელობას. მისი თქმით, წლის ბოლომდე ჰაბები გაიხსნება ბათუმში, ქუთაისში, გორში და, სავარაუდოდ, თელავშიც.

„რეგიონული ჰაბი, სოფლის ცენტრებისგან განსხვავებით, არის უფრო დიდი. სოფლებში შეიძლება, უფრო ზოგადი მიმართულებები იყოს, რეგიონულ ჰაბში უფრო სიღრმისეულად ისწავლიან პროგრამირებას, დიზაინს. ჰაბის კონცეფციაში დევს 3D პრინტერების, ლაზერული მჭრელებისა და სხვა დანადგარების სწავლება, რითაც პროტოტიპირება არის შესაძლებელი. ჰაბი მინიტექნოპარკია, სადაც არის იმის რესურსი, რომ სოფლის ბაზაზე მიღებული რაღაც ცოდნა და იდეა განავითარონ“, - ამბობს კინწურაშვილი.

მისი განმარტებით, მთლიანად პროექტი და ინიციატივა ეკუთვნის GITA-ს. სოფლის ინოვაციური ცენტრების მიმართულებით, შენობების რემონტი უკვე მიმდინარეობს ჭოპორტში, ბაღდათსა და ოზურგეთში, ხოლო რეგიონული ჰაბების მიმართულებით, გაზაფხულიდან მსოფლიო ბანკი ერთვება ამ პროექტში და დაიწყება სამუშაოები გორში, ბათუმსა და ქუთაისში.

„მსოფლიო ბანკის პროექტი დამტკიცებულია, უბრალოდ ბოლო დეტალების განხილვა მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ეს პროექტი აპრილიდან ამოქმედდება. ამჟამად ხარჯს ვინაწილებთ GITA და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. წელს 4 ჰაბი იგეგმება, ამასთან ჭოპორტის, ხარაგაულის, ბაღდათისა და ოზურგეთის ცენტრების გარდა, წლის ბოლომდე კიდევ 12 წერტილი შეიქმნება“, - უთხრა „ლიბერალს“ გიორგი კინწურაშვილმა.

 

ფოტო: ხარაგაულის ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^