
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ზოგადი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტისგან განსხვავებული სტანდარტები დგინდება - პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით არცერთის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
ცვლილების მიხედვით, ავტორიზაციისთვის 5 წლის ნაცვლად 6 წელი განისაზღვრება, ხოლო აკრედიტაციის -ვადად 7 წელი. კანონპროექტით, აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას ემატება კიდევ ერთი სახის გადაწყვეტილება – პირობითი აკრედიტაციის შესახებ და რეგულირდება მასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, გათვალისწინებულია დავის განმხილველი ორგანოს – სააპელაციო საბჭოს შექმნა, რომელშიც შესაძლებელია გასაჩივრდეს ავტორიზაცია/აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილებები. ავტორიზაცია, აკრედიტაციის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა იზრდება 180 დღემდე, ხოლო ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დროს დაწესებულებებისთვის ხარვეზების გამოსწორების ვადა იზრდება 60 დღემდე. აკრედიტაციაზე უარის თქმის, ან მისი გაუქმების შემთხვევაში იურიდიულ პირს განსაზღვრული აქვს უფლებამოსილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი წარადგინოს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.
ასევე, ახლებურად ყალიბდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები, ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა, მისია და სტრატეგიული განვითარება, საგანმანათლებლო პროგრამები, პერსონალი, სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები, კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა, მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.