გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მუნიციპალიტეტებისთვის მყარი ნარჩენების დახარისხება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.
„ლიბერლთან“ საუბრისას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შუხოშვილი აცხადებს, რომ 5-წლიანი სამოქმედო გეგმა და 15-წლიანი სტრატეგია მთავრობას გადაეგზავნა და უახლოს დღეებში იქნება ინიცირებული.
შუხოშვილის განმარტებით, 2019 წლიდან მუნიციპალიტეტებმა უნდა დაიწყონ ადგილებზე ნარჩენების დახარისხება.
„ეს იქნება პროცენტულად განსაზღვრული წლების მიხედვით, თუ რამდენი პროცენტით უნდა გაიზარდოს დახარისხების მაჩვენებელი. ჯერჯერობით, ჩამოუყალიბებელია, რამდენ ნაწილად უნდა მოხდეს დახარისხებაა, ზოგადად განიხილება ორ ფრაქციად, ანუ ორი ურნის პრინციპით, სველი და მშრალი ნარჩენის, იმ ნარჩენის, რომელიც შემდგომ გადამუშავდება“, - განაცხადა გიორგი შუხოშვილმა.
მისივე თქმით, ორ ფრაქციად დახარისხება ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ეს დამოკიდებულია მუნიციპალიტეტსა და მოსახლეობაზე.
„უნდა მოხდეს შესაძლებლობების თანხვედრა. რა შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეთ მუნიციპალიტეტებს და რომლის დანერგვა აჯობებს საწყის ეტაპებზე. მოსახლეობაზეა დამოკიდებული, რამდენად მიიღებს ამას და გაითავისებს ადგილზე სეპარაციას. არაერთ ქვეყანაშია მიღებული სველ და მშრალ ნარჩენებად დაყოფის პრაქტიკა და შემდეგ საწარმოებში ამის დახარისხება ფრაქციებად და კიდევ ჩაშლა ფერების მიხედვით“, - აღნიშნა შუხოშვილმა.
გიორგი შუხოშვილის თქმით, გრძელვადიანი სტრატეგია ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი რეგიონული ნაგავსაყრელისა და სორტირების საწარმოების მოწყობას, რის შესახებაც კონსულტაციები მიმდინარეობს საერთაშორისო ექპერტებთან.
„ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს ვმართავთ საერთაშორისო ექსპერტებთან, მათ რჩევებსა და გამოცდილებას გავითვალისწინებთ. საქართველოში არსებული მდგომარეობა ნარჩენების მართვის მხრივ თანხვედრაში უნდა მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან და საწყისი ეტაპები ისე დავგეგმოთ, რომ ეტაპობრივად გადავიდეთ და მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებშია“, - განაცხადა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი შუხოშვილმა.