რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი „ქრისტიანი არ არის", თუკი ის დოკუმენტების არმქონე მიგრანტთა დეპორტაციისა და აშშ-სა და მექსიკას შორის კედლის აშენების მომხრეა.
CNN-ის ინფორმაციით, პაპმა აშშ-ს მოუწოდა, მის სამხრეთ საზღვარზე არსებული ჰუმანიტარულ კრიზისი მოაგვაროს, თუმცა ამერიკელი კათოლიკეებისთვის არ მოუწოდებია, ტრამპს მხარი არ დაუჭირონ.
„ადამიანი, რომელიც კედლების აშენებაზე ფიქრობს და არა - ხიდების, ქრისტიანი არ არის. ეს არ არის ქრისტეს სწავლება", - უთხრა პაპმა ჟურნალისტებს.
ტრამპი ფრანცისკეს განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი განცხადება სამარცხვინოა.
„არც ერთ ლიდერს, განსაკუთრებით კი რელიგიურ ლიდერს არ აქვს უფლება, სხვა ადამიანის რელიგია ან რწმენა ეჭვქვეშ დააყენოს", - განაცხადა ტრამპმა.
მისი განმარტებით, მექსიკაში, სადაც ფრანცისკემ ბოლო 5 დღე გაატარა, პაპს მის შესახებ ბევრი ღირსებისშემლახავი ინფორმაცია მიაწოდეს.
„თუკი და როცა ISIS თავს ვატიკანს დაესხმება, რაც, ყველასათვის ცნობილია, რომ მათი უმთავრესი მიზანია, გპირდებით, პაპი ილოცებს, აშშ-ის პრეზიდენტი მე ვიყო", - თქვა ტრამპმა.
CNN-ის ინფორმაციით, მოგვიანებით პრეზიდენტობის კანდიდატმა ტონი შეარბილა.
„არ მომწონს პაპთან კამათი. მომწონს მისი პიროვნება. მომწონს, რასაც ის წარმოადგენს" - თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, პაპმა ბევრად პოზიტიური განცხადებები გააკეთა, ვიდრე ეს მედიამ გადმოსცა. მან ასევე აღნიშნა, რომ პაპს თვითონ აქვს „საშინელი დიდი კედელი" ვატიკანში.