კახეთის რეგიონში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში, სოფელ ვაჩნაძიანთან მცირე წყალსატევარის მოწყობის პროექტი დასრულდა, - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
წყალსატევარში10 000 მ3 წყლის მარაგი დაგროვდება. სამინისტროს ინფორმაციით, წყალსატევარის დახმარებით კახეთის მოსახლეობა სარწყავი სეზონის განმავლობაში 140 ჰექტარ სავარგულს მორწყავს წვეთური ირიგაციის მეთოდით.
„ვაჩნაძიანის წყალსატევარი ერთ-ერთია სამი საპილოტე პროექტიდან, რომელიც კომპანია „საქართველოს მელიორაციამ“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდის – წვეთური მორწყვის წესის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა.
კახეთის რეგიონში ასევე, ხორციელდება ბაკურციხისა და ვაქირის სატუმბი სადგურების საპილოტე სარეაბილიტაციო პროექტები, რომელთა დასრულების შემდეგ სარწყავი სეზონისათვის 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის მოსარწყავად მოსახლეობა წვეთური ირიგაციის სისტემებს გამოიყენებს“, - ამბობენ სამინისტროში.