თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოქალაქეთა ჯგუფმა სტუდენტური კონფერენცია გააპროტესტა, რომელიც თსუ-ში გენდერის კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით, ორგანიზაცია „იდენტობის“ თანამონაწილეობით უნდა გამართულიყო. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის რექტორთან, ლადო პაპავასთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
„ვაპირებთ ასვლას და პასუხს მოვთხოვთ ამ ადამიანს, იმიტომ რომ თსუ-ს რექტორია და ასეთ რამეს უწყობს ხელს. ამაზე მან პასუხი უნდა აგოს. თუ არ შეგხვდება და შესაბამის პასუხს არ გაგვცემს, ალბათ თსუ-ს სტუდენტებთან ერთად მივმართავთ ზომებს" - უთხრა „ლიბერალს" გიორგი გაბედავამ.
კონფერენციის („გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა”) ერთ-ერთი თემა ლგბტ პირთა მიმართ დამოკიდებულებები უნდა ყოფილიყო. „იდენტობამ“ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო ამ ჯგუფების მხრიდან შესაძლო ძალადობისგან კონფერენციის მონაწილეთა დაცვა და დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მიზნით, უარი თქვა ამ სივრცეში კონფერენციის ჩატარებაზე“, რის გამოც „იდენტობამ“ გადაწყვიტა, კონფერენცია საკუთარ ოფისში გაემართა.
„უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა ხელი შეეწყო სამეცნიერო მუშაობის განვითარებისთვის თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. უნივერსიტეტი არის საჯარო სივრცე, სადაც არავის აქვს კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გამო, მის აკადემიურ სივრცეში შეჭრის და იქ მიმდინარე კვლევით პროცესებზე კონტროლის მოპოვების უფლება" - ნათქვამია „იდენტობის" განცხადებაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ კონფერენცია არა თსუ-ს, არამედ თავად კვლევით ინსტიტუტის ინიციატივით გადაიდო, რადგან უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გადაგვედო კონფერენცია, რათა თავიდან აგვერიდებინა რაღაც გაუგებრობა, იმიტომ რომ ვიგრძენით, ამის შესაძლებლობა არსებობდა. ჩვენ ვიგრძენით პასუხისმგებლობა და ვიფიქრეთ, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო რაღაც გაუგებრობა და არ გვინდოდა, ვინმე დაზარალებულიყო. „იდენტობამ“ მაინც გამართა თავის ოფისში და თავისი თემები რაც ჰქონდათ დაფარეს“, - უთხრა „ლიბერალს“ თსუ-ს გენდერის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თამარ საბედაშვილმა.
მისი თქმით, საფრთხეების შესახებ შსს ინფორმირებული იყო, თუმცა იმის გამო, რომ მობილიზებისთვის სათანადო დრო არ ჰქონდათ, მაინც გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.
„ამჯერად ასე გადავწყვიტეთ, რომ გადაგვედო, მაგრამ ზოგადად ვატარებთ და არაერთხელ ჩავატარებთ, უბრალოდ ახლო იყო ისეთი სიტუაცია შექმნილი. ვერ გადავაქცევთ უნივერსიტეტს ბრძოლის ველად. თუ უსაფრთხოების გარანტიები არ გვექნება მყარი, შსს-ზეა საუბარი“, - ამბობს საბედაშვილი.
„ლიბერალის“ შეკითხვაზე, როგორ მოიქცევიან მომავალში თუკი ლგბტ საკითხებს, როგორც კონფერენციის თემას, მოქალაქეთა ჯგუფი ისევ გააპროტესტებს, საბედაშვილი პასუხობს, რომ უსაფრთხოების გარანტიის შემთხვევაში, უნივერსიტეტის კარი ღიაა.
„არავითარ შემთხვევაში არ შევზღუდავთ, უნივერსიტეტის კარს არ დავხურავთ. თუ იქ რისკი იქნება, რომ მომხსენებლებს რამე დაემუქრება, უპირველესია უსაფრთხოება“, - ამბობს საბედაშვილი.
აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორია უნივერსიტეტის პრესსამსახურთან საუბრის შემდეგ დატოვეს. ლადო პაპავა მათ არ შეხვედრია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს" უთხრეს, რომ უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფაზე პოლიციაში განცხადება შევიდა და შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომების მისაღებად მზად არიან.