უმბერტო ეკოს ბოლო წიგნის გამოცემის თარიღმა, რომელიც 2016 წლის მაისში იყო დაგეგმილი, მწერლის გარდაცვალების გამო გადმოიწია და ამ კვირის ბოლოს იტალიურ ენაზე გამოქვეყნდება.
„Pape Satàn Aleppe: არამდგრადი საზოგადოების ქრონიკები“ უმბერტო ეკოს ესეების კრებულია, რომლებიც 2000 წლიდან მოყოლებული იტალიურ ყოველკვირეულ ჟურნალ L’Espresso-ში იბეჭდებოდა.
Papé Satàn, papé Satàn aleppe („სატანავ ჰეი, სატანავ მეფევ!“), - ასე იწყება დანტე ალიგიერის მე-14 საუკუნის პოემა „ღვთაებრივ კომედიაში“ Inferno (ჯოჯოხეთი), ქება 7. ეს წინადადება მთარგმნელებისათვის თავსატეხია, ხოლო თანამედროვე მეცნიერები დემონის გამოძახებად მიიჩნევენ. Amazon-ზე წიგნის ანოტაციაში წერენ, რომ „სათაური საკმაოდ ლიკვიდურია იმისთვის, რომ ჩვენი დროის ქაოსი გამოხატოს“.
ეკოს გამომცემელი La Nave di Teseo (თეზევსის გემი) ახალი საგამომცემლო სახლია, რომლის შექმნაში წვლილი სახელგანთქმულ მწერლებს მიუძღვით, მათ შორის უმბერტო ეკოს. ახალი საგამომცემლო სახლის დაარსებით მწერლები იტალიურ საგამომცემლო ბაზარზე მონოპოლიას დაუპირისპირდნენ, რომლის სათავეშიც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ოჯახი იდგა. მას შემდეგ, რაც 2015 წელს ბერლუსკონების ოჯახის მფლობელობაში მყოფმა გამომცემლობამ Arnoldo Mondadori Editore-მა წიგნების კიდევ ერთი მსხვილი გამომცემელი RCS Libri იყიდა, მწერლებმა გადაწყვიტეს დამოუკიდებელი გამომცემლობისთვის შეეწყოთ ხელი. თავად უმბერტო ეკო La Nave di Teseo-ს განვითარებისთვის 2 მილიონი ევროთი დაეხმარა.
La Nave di Teseo-ს ხელმძღვანელი ელიზაბეტა ზგარბი ახალ წიგნზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ის „ისეთივე ირონიული და დამცინავია, როგორც თავად ეკო იყო“.
წიგნის ინგლისური ვერსიის გამოცემის თარიღი, ჯერჯერობით, არ გამოუცხადებია ეკოს ინგლისურენოვან გამომცემელს Harvill Secker-ს.