„ქალთა მოძრაობა“ არასრულწლოვნის გატაცების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.
„გავრცელებული ინფორმაციით 17 წლის გოგო 4 დღის განმავლობაში გატაცებული ჰყავდა ერთ არასრულწლოვან და რამდენიმე სრულწლოვან მამაკაცს, რაც გვაფიქრებინებს, რომ გატაცების მოტივი ქორწინება იყო. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ქორწინების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის 20 შემთხვევა და იძულებითი ქორწინების 6 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის 179 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ამ შემთხვევების უმრავლესობაში მსხვერპლი არასრულწლოვანი გოგონებია. მიგვაჩნია, რომ არასრულწლოვანი გოგონების უფლებრივი მდგომარება უკიდურესად მძიმეა საქართველოში, სახელმწიფოს რეაგირება კი არასაკმარისი და სუსტი.
ხშირად გატაცების შემთხვევაში გამოძიება წყდება, ვინაიდან გატაცებულ გოგონაზე მოძალადის მხრიდან ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის შედეგადაც გოგონა ამბობს, რომ ნებაყოფლობით შევიდა ქორწინებაში და უკანონო თავისუფლების აღკვეთა არ მომხდარა.
მოვითხოვთ, საქმის ობიექტურ გამოძიებას. აუცილებელია სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გენდერულად მგრძნობიარე მიდგომა გამოიჩინონ და თავიდან აიცილონ და მის ოჯახზე დამნაშავეების მხრიდან ზეწოლა.
გოგონებისათვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ყველა შემთხვევა უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, რათა შეწყდეს გოგონებზე ძალადობის ეს მავნე პრაქტიკა", - ნათქვამია „ქალთა მოძრაობის" განცხადებაში.
შსს-მ არასრულწლოვნის გატაცებაში ბრალდებული პირი დააკავა, რომელმაც,19 თებერვალს, შსს-ს ინფორმაციით, ცოლად მოყვანის მიზნით, არასრულწლოვანს თავისუფლება აღუკვეთა.
„რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ელჩინ ი. თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, ფონიჭალაში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ სამირა ბ-ს თავისუფლება აღუკვეთა. ელჩინ ი-ს თანამზრახველების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.