საქართველოში ყოველი მე-6 დასაქმებული და ყოველი მე-3 დაქირავებული საჯარო სექტორშია და მათი სახელფასო უზრუნველყოფა 2014 წლის მონაცემებით 2 მილიარდ 422 მილიონ ლარს შეადგენს , - ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია IDFI-ის ბლოგში - „ბიუროკრატიის ზრდა საქართველოში“.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი ამბობს, აუცილებელია ეფექტიანობის კვლევა, რომელიც დაადგენს საჭიროა თუ არა საჯარო სექტორში ამ რაოდენობის საშტატო ნუსხა, კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს, რამდენად საჭირო ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებენ ეს ადამიანები.
„ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფო ბევრ ისეთ საქმეს აკეთებს, რომელიც შეუძლია, აუთსორსინგზე გაიტანოს და კერძო ბიზნესს გააკეთებინოს. მაგალითად, ძალიან ბევრი უწყება IT მომსახურებას თავისი აპარატის მეშვეობით აკეთებს, როდესაც შეუძლიათ, რომ ეს საკითხები გარეთ გაიტანოს, დაიქირაონ სხვა და ხელი შეუწყონ გარე სექტორის განვითარებას“, - ამბობს ავალიშვილი.
მისივე თქმით, ასევე გასარკვევია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული რამდენი ა(ა)იპ არსებობს ზოგადად საქართველოში, რაც განსაკუთრებით რეგიონებს ეხებათ.
„თვითმმართველობები ქმნიან ა(ა)იპ-ებს, გაუგებარი ფუნქციებით. მაგალითად, არის შემთხვევა, როდესაც თვითმმართველობას აქვს ლიფტის შემკეთებელი ა(ა)იპ, ან საკონცერტო დარბაზის ა(ა)იპ, საკითხავია, რამდენად საჭიროა, რომ ასეთ საკითხებზე სახელმწიფო ბიუჯეტი იხარჯებოდეს, ეფექტიანობის კვლევა ეხება იმასაც, გავიგოთ, საჭიროა თუ არა თბილისის საკრებულოსთვის 300 ადამიანის მუშაობა, რა ეფექტი აქვს ამას და რამდენად აუცილებელია, რომ თბილისის საკრებულოს 40 მანქანა ჰყავდეს, მესაათე და მანქანის მრეცხავები თავის შტატში“, - ამბობს ავალიშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, შექმნილ ვითარებას ვერ მოაგვარებს სამინისტროების გაერთიანება, რაზეც საუბარი ბოლო პერიოდში გააქტიურდა.
„თუ სახელმწიფო ამბობს, რომ ის თანხას აღარ გამოუყოფს ამა თუ იმ სფეროს, მაგალითად, სპორტს, მაშინ, ეს სხვაგვარ მიდგომას საჭიროებს. ხოლო იმ სერვისებს, რომელსაც მაინც გააგრძელებს უწყება, მაინც ხომ დასჭირდება ადმინისტრირება. მაგალითად ,100 ადამიანი მუშაობს სპორტის სამინისტროში და ემსახურება 200-მილიონიანი ბიუჯეტის ადმინისტრირებას, თუ ეს სამინისტრო გადავა სხვაგან, ეს 100 ადამიანიც იქ გადავა სამუშაოდ, რათა სერვისის მიწოდება არ შეფერხდეს“, - ამბობს ავალიშვილი.
ის ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონზე (რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა) და ამბობს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა/დაქირავებულთა რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილება ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა მოხდეს, რადგან მისი ძალაში შესვლის შემდეგ ამ კუთხით რეფორმის გატარება გართულდება და დასაქმებულთა შემცირება უფრო პრობლემატური გახდება.
„დღეს შტატების გაზრდა/შემცირება ხდება, ასე ვთქვათ, პოლიტიკის დონეზე. როცა მოდის ახალი ხელმძღვანელი, მას შეუძლია, გაზარდოს, შეამციროს შტატი. ახალი კონცეფციის თანახმად კი, გაცილებით მეტი გარანტია ექმნებათ საჯარო მოხელეებს და სწორედ ახლა არის საჭირო საუბარი, რამდენად გვჭირდება სტაბილური საჯარო სამსახური, სადაც დასაქმებულია 115 ათასი ადამიანი. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად ვემხრობით ნეიტრალურ და მობილურ პატარა საჯარო სამსახურს, სადაც მაღალი ხელფასი და მაღალი კონკურენცია იქნება“, - ამბობს ავალიშვილი.