საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, ტყიბულში გაფიცული მეშახტეების პრობლემების შესასწავლად სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია და ამოქმედდეს ყველა მექანიზმი, რომელიც შრომის კოდექსითაა გათვალისწინებული:
„საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება, მუშები ამბობენ, რომ მათ მუშაობის დროს გარედან კეტავენ და უმძიმეს პირობებში იმყოფებიან. ეს დაუშვებელია ოცდამეერთე საუკუნეში. ვფიქრობ, სამმხრივმა კომისიამ სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, შეხვდნენ მუშებს, დაელაპარაკონ და შეისწავლონ, რამდენად სამართლიანია მათი მოთხოვნები”, - აცხადებს კორძაია.
ტყიბულში გაფიცვა მეთერთმეტე დღეა, გრძელდება. მათთან არიან არასამთავროვო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენლები და ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ვითარების შესასწავლად მუშებთან უკვე ჩავიდნენ სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები.
ტყიბულელი მეშახტეები მაღალი თანამდებობის პირებს პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებენ. „დღეს, ტყუიბულში, გაფიცვის პროცესის დაწყებიდან მე-10 დღეს, მიუხედავად დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნებისა, საწარმოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები არ ხვდებიან დასაქმებულებს მათი მოთხოვნების განხილვის მიზნით. გაფიცვის მასშტაბების და სიმწვავის გათვალისწინებით, მიმდინარე პროცესზე არ რეაგირებს სახელმწიფო და დასაქმებულებს საწარმოსთან უთანასწორო დაპირისპირებაში მარტო ტოვებს“ - ნათქვამია მეშახტეების გუშინდელ მიმართვაში.
მათი ინფორმაციით, რეაგირების გარეშე გასული თითოეული დღე კიდევ უფრო ზრდის უკმაყოფილების უკონტროლო პროცესში გადაზრდის შესაძლებლობას.
მეშახტეები ჯანდაცვის, ეკონომიკის, ენერგეტიკის სამინისტროებს, მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკისა და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარებს პროცესებში ჩართვისა და პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებენ.
„გაკეთდეს საჯარო განცხადება მოლაპარაკების პროცესის დაუყოვნებლივ დაწყების თაობაზე და ხვალ მათი პირადი მონაწილეობით დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი ტყიბულში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგაფიცვო კომიტეტი იქნება იძულებული, მოიხსნას პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე“ - ნათქვამია მეშახტეების ხელისუფლებისადმი მიმართვაში.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ სააქციო საზოგადოება „მინასა" და შპს „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფში" მიმდინარე შრომით დავებსა და გაფიცვასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტრო აქტიურად არის ჩართული მხარეებს შორის მედიაციაში. EMC-ის ინფორმაციით, გაფიცულები გამოეხმაურენ ელზა ჯგერენაიას განაცხადებას და უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორები დავის მოგვარებაში ჩართული არიან.