Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო ნედლ მარიხუანაზე არ ავრცელებს

24 თებერვალი, 2016 19:08

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნედლი მარუხიანის შეძენა-შენახვაში მსჯავრდებულ ბიძინას (რომელიც გვარის გამხელისგან თავს იკავებს) სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის სხვა ფორმის სასჯელით შეცვლაზე უარი უთხრა.

მას მსჯავრი 28,87 გრამი ნედლი მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაედო. რაიონულმა სასამართლომ ბრალი 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც შემდგომში პირობით და გამოსაცდელ ვადად ჩაეთვალა.

მას ასევე სასჯელის დამატებითი სახედ სახელმწიფო ბიუჯეტში 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

ბიძინას 28,87 გრამი ნედლი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის 1 წლით, ასევე, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება და ა.შ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ბიძინას სასჯელის გადახედვაზე უარი უთხრა.

მსჯავრდებულის ადვოკატმა კახა კვაშილავამ „ლიბერალს" სააპელაციო სასამართლო განაჩენის სამოტივაციო ნაწილი გადასცა, რომელშიც ნათქვამია, რომ: „ბიძინას მიმართ რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელი უნდა დარჩეს, ვინაიდან იმ ნარკოტიკულ საშუალებაზე (ნედლი მარიხუანა), რომლის შეძენა, შენახვისთვისაც მსჯავრი დაედო ბიძინას..., არ გავრცელებულა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება“.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო აღნიშნული განაჩენით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულებელყოფს.

მისი თქმით, ის, რაც ვრცელდება გამომშრალ მარიხუანაზე, უნდა გავრცელდეს ნედლ მარიხუანაზეც. მენაბდის შეფასებით, სააპელაციო სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს და უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს, როდესაც ნედლი მარიხუანის შეძენა-მოხმარების გამო მათ საპატიმრო დაწესებულებიდან არ უშვებს.

ანალოგიური პოზიცია აქვს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგის ცენტრის (EMC) იურისტს გურამ იმნაძეს.

როგორც მან „ლიბერალს" უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ გამომშრალ მარიხუანაზე იმსჯელა, კანონმდებლობაში პირდაპირ არის განსაზღვრული ნედლსა და გამომშრალ მარიხუანას შორის პროპორცია. გურამ იმნაძის თქმით, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონის დანართით, 10 გრამი ნედლი მარიხუანა 5 გრამი გამომშრალი მარიხუანის პროპორციულია. აღსანიშნავია, რომ გამომშრალი და ნედლი მარიხუანა ერთ გრაფაშია მოცემული.

„ფაქტობრივად ½ პროპორციაა გათვალისწინებული. შესაბამისად, კანონმდებელი პირდაპირ აცხადებს, რომ ნედლი მარიხუანა ორჯერ ნაკლები რაოდენობის გამომშრალი მარიხუანის პროპორციულია. შესაბამისად, თუკი საკონსტუტუციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვა და მოხმარება არ უნდა იწვევდეს თავისუფლების აღკვეთას, 70 გრამი ნედლი მარიხუანა მით უფრო  არ უნდა იწვევდეს პატიმრობას“, - ამბობს იმნაძე.

ამასთან, როგორც იურისტი ამბობს, ასეთი პირდაპირი ჩანაწერი რომც არ იყოს კანონმდებლობაში, მოსამართლეს ყოველთვის აქვს უფლება, რომ გააკეთოს პირის სასარგებლოდ კონსტიტუციური განმარტება და დაეყრდნოს კონსტიტუციურ ნორმას. „ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედაც კონსტიტუციურ პრინციპებსა და გარანტიებს ემყარება“, - განმარტავს იურისტი. 

„სასამართლოს არასდროს არ აქვს შეზღუდვა იმისა, რომ კონსტიტუციური განმარტება გააკეთოს ადამიანის უფლებების სასარგებლოდ. უკიდურეს შემთხვევაში, თუკი ამასაც არ გააკეთებდა, მას შეეძლო დროებით შეეჩერებინა საქმის წარმოება, მათ შორის უნდა შეეჩერებინა პირის მიერ სასჯელის მოხდა, თუ ის საპატიმრო დაწესებულებაშია და თავადვე მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმალურად, მათ შორის ნედლ მარიხუანაზეც დაედგინა ამ სასჯელის არაკონსტიტუციურობა“,  - ამბობს იმნაძე.

EMC-ის იურისტის კიდევ ერთი არგუმენტით, სისხლის სამართალში ზოგადი პრინციპი არსებობს - თუ არ ისჯება საშიში ქმედება, მით უფრო არ ისჯება მასზე ნაკლებად საშიში ქმედება, „ამ შემთხვევაში მსგავსი რაოდენობის ნედლი მარიხუანა ერთმნიშვნელოვნად არის ნაკლები ნარკოლოგიური თრობის მომტანი, ვიდრე გამომშრავლი მარიხუანა“.

აღსანიშნავია, რომ ბექა წიქარიშვილის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონმდებლობაში ასახვა ამ დრომდე არ მომხდარა. იურისტები აცხადებენ, რომ როდესაც პარლამენტი ამ საკითხზე დაიწყებს მუშაობას, ცვლილებათა პროექტი ნედლ მარიხუანაზეც გავრცელდება. „იურიდიული ალოგიკურობა იქნება, პარლამეტმა ასე რომ დატოვოს ეს საკითხი“, - ამბობს იმნაძე.

მასალაში მოყვანილი მსჯავრდებულის, ბიძინას ადვოკატი კახა კვაშილავა ამბობს, რომ  აღნიშნული საქმის საფუძველზე ის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნედლ მარიხუანაზეც უნდა გაითვალისწინოს.

„საკანონმდებლო სიბეცე იქნება, თუ ნედლ მარიხუანას არ შეახებენ ამ  ცვლილებას და მხოლოდ და მხოლოდ მშრალ მარიხუანაზე იქნება საუბარი.  კანონმდებელმა მკაცრად უნდა მიუთითოს, რომ  ეს ვრცელდება როგორც ნედლ, ისე მშრალ მარიხუანაზე. ამასთან, შესაძლოა, კანონმდებელმა თავად განსაზღვროს, ნედლი მარიხუანა რა რაოდენობის შემდეგ იძლევა დანაშაულის ნიშნებს“, - ამბობს კვაშილავა.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ პოზიცია გასულ კვირას პლენარულ სხდომაზე გამოხატა. ხმალაძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხო მშრალ მარიხუანას და ნორმის ინტერპრეტირებისას ასევე უნდა იგულისხმებოდეს ნედლი მარიხუანაც, „რადგან განსხვავება ნედლსა და მშრალ მარიხუანას შორის არის არის მხოლოდ წყლის შემცველობაში“.

„თქვენ თუ ნახავთ კანონს, სადაც ჩამოთვლილია ნარკოტიკული ნივთიერებები, მარიხუანა არის ერთ გრაფაში, რომელსაც აქვს ორი ქვეპუნქტი - ერთი არის გამომშრალი, მეორე ნედლი მარიხუანა. 5 გრამი მშრალი მარიხუანა ეკვივალენტურია 10 გრამი ნედლი მარიხუანის. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნედლ მარიხუანაზეც ვრცელდება", - ამბობს ხმალაძე.

როგორც „ლიბერალთან“ ექიმი-ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი ამბობს, გამომშრალ და ნედლ მარიხუანას შორის აქტიური ნივთიერების შემადგენლობის მხრივ განხვავება არაა. მისი თქმით, გამომშრალი მარიხუანა მოსახმარად უფრო მოსახერხებელია და მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნით ხდება მისი გამოშრობა. რაც შეეხებას წონას, მისი თქმით, მაგალითად 70 გრამი გამომშრალი მარიხუანა, სანამ გამოშრებოდა, უფრო მეტი წონის ნედლი მარიხუანა იყო.

საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის საქმეზე 2015 წლის 24 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის (70 გრამამდე) შეძენა-შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება... გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება ისეთ შემთხვევებს, როდესაც აშკარა და დასაბუთებულია  ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი (მისი რაოდენობისგან დამოუკიდებლად), ან შენახული (შეძენილი) მარიხუანის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ  გასაღების მიზნის არსებობაზე მაღალი ალბათობით მიუთითებს, ან გასაღების რეალურ საფრთხეს თავისთავად ქმნის".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^