ტყიბულში ჯანდაცვის სამინისტროს, შპს საქნახშირის ადმინისტრაციასა და გაფიცულთა კომიტეტს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. როგორც „ლიბერალის" კორესპონდენტი ტყიბულიდან იტყობინება, მუშებმა შეხვედრის შემდეგ კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები დანარჩენ გაფიცულებს გააცნეს, რის შემდეგაც მემორანდუმის ასლი დახიეს.
კომპანია მუშებს შემდეგ პირობებს სთავაზობს:
„შპს „საქნახშირი" 2 თვის განმავლობაში განახორციელებს ყველა შესაძლო ქმედებას კომპანიაში დანერგილი სახელფასო სისტემის გადახედვის და ოპტიმიზაციის მიზნით. მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ დასაქმებულთათვის უსაფრთხო შრომითი გარემოს შექმნის მიზნით შპს „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი" სამინისტროს უშუალო ჩართულობით და მისი რეკომენდაციების შესაბამისად, მიმართავს ყველა შესაძლო ქმედებას და შეიმუშავებს გონივრულ პოლიტიკას და წინადადებებს შრომითი პირობების უსაფრთხოების დახვეწის მიზნით.
მემორანდუმის შესაბამისად, შპს „საქნახშირი" ეტაპობრივად განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. მხარეები თანხმდებიან, რომ შექმნილი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში დასაქმებულთა მიერ გაცდენილი სამუშაო დღეები ანაზღაურდება გამოსაყენებელი შვებულების ხარჯზე.
შექმნილი მდგომარეობის გამო, დასაქმებულთა მიმართ არ იქნება გატარებული ადმინისტრაციული სანქციები. მემორანუმის პირობებში დადებული პირობები აღსრულებადია იმ შემთხვევაში თუ სამუშაო პროცესი აღდგება დაუყოვნებლივ. საწარმოო პროცესის სრული დატვირთვით აღდგენა უნდა განხორციელდეს 2016 წლის 26 თებერვლის დილის 6 საათზე“.
მუშების პირობების უცვლელია კი ისინი ხელფასის 40 პროცენტით გაზრდას მოითხოვენ.
მუშები ამ წუთებში კომპანიის ადმინისტრაციის შენობასთან არიან შეკრებილები. „ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, ისინი აქციას ხვალ 17:00 საათიდან განაახლებენ.
„ბრძოლა ახლა იწყება!" “ბრძოლა გრძელდება!", - სკანდირებენ გაფიცულები.