ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის განვხადებით, ანა დოლიძე, რომელიც პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრად წარადგინა, 2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა მოსკოვში არსებულ ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციას.
დეპუტატის თქმით, კვლევა 2008 წლის ომთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა და ამ ორგანიზაციის სახელწოდებაა „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა“ (Russian Justice Initiative). „თავისთავად კონსულტაციის გაწევა რუსეთში მოქმედი ორგანიზაციისთვის ან თანამშრომლობა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა პრობლემა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება.
ამ ორგანიზაციამ 2008-2009 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რამდენიმე ათეული სარჩელი შეიტანა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების სახელით“, - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა „სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ“, რომლითაც მოსარჩელე საქართველოს სახელმწიფოს ადანაშაულებს ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის დროს რუსეთის მოქალაქეების განზრახ მკვლელობაში. „ გახსოვთ, რომ „მძინარე ცხინვალის დაბომბვა“ და „ოსების გენოციდი“ ვლადიმირ პუტინის მთავარი ბრალდებები იყო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიმართ. რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივამ სულ რამდენიმე თვის წინაც, მიმართა განაცხადით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას.
2015 წლის ნოემბრის შეტყობინებით ორგანიზაცია ითხოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების საჩივრების გამოძიებას. კერძოდ, საუბარია 20-მდე დაზარალებულის საქმის განხილვაზე, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებენ 2008 წლის ომის დროს ცხინვალში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმაში, სამოქალაქო პირების მკვლელობებში, გატაცებებსა, და მძევლად აყვანაში“ - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ანა დოლიძე ერთადერთი არ არის „რესპუბლიკური პარტიის" კადრებიდან და ამ ორგანიზაციასთან 2008-2010 წლებში აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იმჟამინდელი ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი.
„ის ახლა საქართველოს პარლამენტის წევრია. საგანგაშოა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის წევრები, პირდაპირ ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის მტრის, რუსეთის ინტერესებს და რჩევებით ამარაგებენ იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წელს ომის დანაშაულების ჩადენაში, ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმასა და მკვლელობებში“, - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა.
ანა დოლიძის განმარტებით, მისი ბიოგრაფიის შემოწმება ენმ-ის წევრებს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე შეესაძლოთ. „თუ აგვისტოს ომთან რაიმე კითხვები ჰქონდათ, 10 თვე იყო ამისთვის სავსებით საკმარისი. გარდა ამისა, უფრო უპრიანი იქნებოდა, ეს დაესვათ თავდაცვის მინისტრის მოადგილისათვის, ვიდრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისათვის. ამიტომ, მოვუწოდებ, საშინაო დავალება ყველამ უკეთესად მოამზადოს თავის დროზე“, - განაცხადა დოლიძემ.