„თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს.
შსს-ს ინფორმაციით, დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.
ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის სტაბილურია.
როგორც „ლიბერალს" პარტიის პრესსამსახურში უთხრეს, ამ დროისთვის პეტრიაშვილს ოპერაცია უტარდება.