“ერთი ნაბიჯი უკან და უფსკრულში აღმოვჩნდებით. აქ ცხოვრებისთვის კი არა, არსებობისთვის მიდის ბრძოლა. არავის აქვს უფლება, განსაკუთრებით ბიზნესს, რომ ხალხს მომავალი წაართვას. არ გავტყდებით! ჩვენიდან დაიწყება ის, რასაც დემოკრატია ჰქვია. ჩვენ აღარ ვიქნებით მონები,” - განაცხადეს ტყიბულის მუნიციპალიტეტთან შეკრებილმა გაფიცულმა მეშახტეებმა დღევანდელ დემონსტრაციაზე.
გაფიცვის მეთხუთმეტე დღეს დემოსტრანტები 2 საათზე შეიკრიბნენ და “საქნახშირის” ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ მუშებს, გაიხსენეს ჭიათურის მაღაროში მიმდინარე პროცესები და სოლიდარობა გამოუცხადეს ზესტაფონის, რუსთავის მუშებსა და ქსანში გაფიცულებს.
“ჩვენ გვშია, გვწყურია. რას გვიპასუხებს სახელმწიფო? სად არიან ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც გვერდში დგომას გვპირდებოდნენ? კვირაა და ისვენებენ? მათი ტელეფონები მიუწვდომელია,” - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
“მწვანე მუშტის” წარმომადგენლის, ლევან ლორთქიფანიძის თქმით, ქართული დემოკრატიის ცენტრი ახლა ტყიბულშია - ქალაქში, სადაც გაბედეს გაფიცვა:
“ჩვენ გვჯერა სიკეთის და ამიტომ ვართ აქ. თბილისში და ბათუმში ფიქრობენ თქვენზე. ხვალ იქნება დემონსტრაცია გორშიც. თქვენ არ ხართ მარტო. კიდევ ცოტაც და ბაბილონის გოდოლი დაინგრევა. ქართული დემოკრატიის ცენტრი ტყიბულშია - ქალაქში, სადაც გაბედეს გაფიცვა. ყველა უფლება და თავისუფლება ბრძოლით მოიპოვება. თქვენი წარმატება იქნება ქსანში ბრძოლის განახლების წინაპირობა,” - ამ სიტყვებით მიმართა ლევან ლორთქიფანიძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტის წინ შეკრებილ აქციის მონწილეებს.
მსვლელობის პარალელურად ისმოდა შეძახილები - “არა ბიზნესის დიქტატურას”, “მედიაცია უსარგებლოა”, “სოლიდარობა მუშებს” და მონაწილეები მოუწოდებდნენ ტყიბულის სხვა მაცხოვრებლებს, რომ ისინიც შეერთებოდნენ აქციას.
“ჩვენს უკან სიმართლე დგას და უნდა ეშინოდეთ ამ სიმართლის. ჩვენ არ მიგატოვებთ,” - მიმართა გაფიცულებს სტუდენმა, გიორგი სოფრომაძემ.
მეშახტეები კომპანიისგან შრომის ანაზღაურების 40%-იან ზრდას, უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნების შესახებ გარანტიას მოითხოვენ.