„ყველა ოჯახი არ არის ისეთი, რომელსაც შეუძლია ბავშვის მისთვის სასარგებლოდ გაზრდა. ამიტომ, ასეთი უნარების სწავლა, პატრიოტიზმის გაღვივება სკოლაში, ყველა შემთხვევაში, საჭიროა“, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების სწავლების საკითხზე საუბრობს.
ჟორჟოლიანი 10 თებერვალს პარლამენტში შესულ პეტიციასაც ახსენებს, სადაც აღნიშნული იყო, რომ „განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენს შვილებზე მასირებულ შეტევას აპირებს, ახალი სავალდებულო საგნების - „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველოა“ მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა“.
ჟორჟოლიანის თქმით, იმ საკითხების უგულებელყოფა, რომლებიც პეტიციაში იყო დასმული, სწორი არ იქნება. ის აღნიშნავს, რომ დამოკიდებულება არის ერთმნიშვნელოვანი და პარლამენტი სრულად ეწინააღმდეგება იმის შესაბამისი სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების შექმნას, რაც პეტიციაში იყო წარმოდგენილი.
„თუ სამინისტრო ამას აპირებს, ახლავე გეუბნებით, რომ პარლამენტი ამას ეწინააღმდეგება, თუმცა მე, მაგალითად, მაქვს ასეთი დამოკიდებულება, რომ ის არგუმენტი, რაც პეტიციაში იყო მოყვანილი, არგუმენტი არ არის. ის, რომ ეს სადღაც, რომელიღაც ქვეყანაში ასეა - არგუმენტი არ არის. თუ ჩვენ რაღაც შემოგვაქვს, შემოგვაქვს ჩვენი ბავშვებისათვის და არა იმისთვის, რომ ქარტიაა და ასოცირების შეთანხმება. ასოცირების შეთანხმებას იმიტომ ვაწერთ ხელს, რომ ის კარგია ჩვენთვის და არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიღაცამ გვაიძულა“, - აცხადებს ჟორჟოლიანი.
ის მიმართავს პეტიციის ავტორებს, რომ ცდებიან, მათი დისკურსი არასწორია და „ევროპული საზოგადოება სულაც არ არის არატრადიციული საზოგადოება, სულაც არ არის არაპატრიოტული საზოგადოება“. ჟორჟოლიანის თქმით, ამ გრძნობებს რომ გაღვივება სჭირდება, ფაქტია, „მეთოდოლოგიას მე ვერ დავიჩემებ, მაგრამ უნდა ისწავლებოდეს“.
„საზოგადოებრივ მეცნიერებებში გარკვეული კომპეტენცია მაქვს, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ჩემს თავზე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ დეტალურად ვიმსჯელო იმის თაობაზე, რა უნდა ვასწავლოთ მე-3 და მე-4 კლასში. ეს სხვა რამეა. ეს არ არის საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეს არის პედაგოგიური ფსიქოლოგია. აქ ტერმინოლოგიასაც მნიშვნელობა აქვს. ეს არის ცოდნა გარემოსა და საზოგადოების შესახებ. სიტყვა საზოგადოებრივი მეცნიერებები გარკვეულ ორჭოფობას აჩენს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ შესაძლოა ტერმინებს უფრო მეტი ყურადღება მივანიჭოთ, რომ გარკვეული გაუგებრობები არ გამოიწვიოს“, - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.
მისი თქმით, რთულია იმაზე მსჯელობა, პედაგოგიური თვალსაზრისით, ეს რანაირად უნდა მოხდეს.
„თუ ბავშვს უთხარი, რომ შენ უნდა იყო პატრიოტი, ამით ვერაფერს მიაღწევ, მაგრამ თუ ბავშვს წაიყვან ექსკურსიაზე, თუ ბავშვს აჩვენებ თავის სოფელში არსებულ ეკლესიას, თუ ამ ბავშვს მოუყვები ისტორიას, მის წინაპრებს რა კავშირი ჰქონდათ ამასთან, ეს ამ ბავშვს აბამს ამ საგანს და მგონია, რომ ეს არასაკმარისად არის ჩვენს სკოლაში და ჩვენს სინამდვილეში. და რა უშლის ამას ხელს? ბოლო 25 წელია, ჩვენს რეალობასა და განათლების სისტემაშიც მთავარი ორიენტირი არის რადიკალური ინდივიდუალიზმი. ამ პირობებში ბავშვს სჭირდება საერთო და პატრიოტული გრძნობების გაღვივება. ვერ დავიჩემებ, რომ ეს ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ პრინციპში უფრო ვიხრები მაგ მიმართულებით, რომ უნდა ისწავლებოდეს“, - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.
პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შედეგებს (დაწყებითი საფეხური) განიხილავენ.
პარლამენტში მიმდინარე კომიტეტის სხდომას ესწრებიან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, დემოგრაფიული განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზვიად ტომარაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე, „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია, „დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წარმომადგენელი ავთანდილ უნგიაძე და სასულიერო პირები.