Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სონღულაშვილი: ხელისუფლება ზოგჯერ თავად გვევლინება რელიგიური კონფლიქტების გამღვივებლად

01 მარტი, 2016 12:43

„დროა დამთავრდეს საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების ღირსების ხელყოფა“, - საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი მალხაზ სონღულაშვილი ადიგენში გუშინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

სოფელ ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა. ადიგენის ცენტრში მდგარ მუსლიმებს ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი (20-30 ადამიანი) დაესხა თავს. მუსლიმები სოფლის ცენტრში ადიგენის გამგებელსა და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს განიხილავდნენ.

მალხაზ სონღულაშვილის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს სიმტკიცე და „ერთხელ და სამუდამოდ გაგვაგებინოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქის რელიგიურ თავისუფლებას ყასიდად აღიარებს, სხვებისათვის მოსაჩვენებლად, თუ მართლაა დაინტერესებული, რომ საქართველოს ყველა მკვიდრი თანასწორი იყოს და ლაღად გრძნობდეს ამ ქვეყანაში თავს“.

ეპისკოპოსი ბოლო წლებში საქართველოს მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის კონფლიქტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს უკვე პერმანენტულ ხასიათს იღებს.

„ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებს შორის მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობის საკითხები კვლავ მოუგვარებელია საქართველოში. ხელისუფლება ზოგიერთ შემთხვევაში გულგრილობას იჩენს მსგავსი კონფლიქტების მოგვარების საქმეში, ზოგ შემთხვევაში კი თავად გვევლინება ამ კონფლიქტების გამღვივებლად და იმპლემენტატორად.

ასეთი ხასიათის რყევები აზიანებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პროცესს. იგი ხელყოფს საქართველოს მოქალაქეების მუსლიმებისა და ქრისტიანების ღირსებას. ადამიანის დევნა, მისი ფიზიკური შეურაცხყოფა ქრისტიანობისა და ქრისტეს სახელით პირველ რიგში ქრისტიანობას აზიანებს და უთხრის ძირს. მუსლიმებისა და ქრისტიანების ღმერთი ერთია, რადგან ღმერთი ერთის მეტი არ არის.

ხელისუფლება თუ მართლა აღიარებს, გამოხატოს თავისი პოლიტიკური ნება და მისცეს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, და განსაკუთრებით მუსლიმურ უმცირესობას, რწმენის აღასრების თავისუფლება. ამ ნების გამოხატულება იქნება ის, თუ ხელისუფლება დაუყოვნებლივ მოაგვარებს სადავო საკითხებს და ქრისტიანებსა მუსლიმებს შორის განახლებული ურთიერთობის ნიშნად ბათუმელ მულიმებს მისცემს საშუალებას ააგონ მეჩეთი, სადაც ყველა მუსლიმი მლოცველისთვის იქნება რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება“, - წერს მალხაზ სონღულაშვილი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის, თამთა მიქელაძის ინფორმაციით, რამდენიმე თვეა დაბა ადიგენის მუსლიმი თემი სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის ნაკვეთს ითხოვს, რადგან მათ მიცვალებულის დაკრძალვა  სოფელ ზანავში უწევთ.

„ქრისტიანულ სასაფლაოზე მუსლიმის დაკრძალვა კი რელიგიური წესების დარღვევაა. ამ მოთხოვნაზე პოზიტიური რეკომენდაცია აქვს გაცემული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“, - ამბობს თამთა მიქელაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^