1 მარტს პროკრედიტ ბანკმა პრესკონფერენცია გამართა, რომლის მთავარი თემაც 2015 წლის შედეგების შეჯამება და სამომავლო სტრატეგიის წარდგენა იყო.
2015 წლის შემაჯამებელი ანგარიში
2015 წლის დასაწყისიდან პროკრედიტ ბანკმა, ბიზნესმიმართულებით, მთავარ პრიორიტეტად მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტების განვითარება დასახა. ამ სტრატეგიის ნაწილი იყო წლის პირველ ნახევარში დაანონსებული მიკროსეგმენტიდან გამოსვლა. კლიენტების მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, განსაკუთრებული აქცენტი ბანკმა დისტანციური სერვისების განვითარებასა და სრულყოფაზე გააკეთა. ყველა ფილიალში განთავსდა თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი და უახლესი აპარატებით აღჭურვილი, თვითმომსახურების სივრცე 24/7, სადაც კლიენტებს მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ყველა ძირითადი საბანკო ოპერაციის შესრულება.
2015 წლის განმავლობაში, პროკრედიტ ბანკმა ერთგულ მომხმარებელს ბევრი საინტერესო და ინოვაციური პროექტი შესთავაზა, პირველმა დანერგა უნივერსალური ბანკომატი, თანხის შეტანისა და გამოტანის ფუნქციით. ასევე, ბიზნეს კლიენტებისთვის დანერგა თანამედროვე აპარატი სეიფი, რომელიც ზოგავს კლიენტის დროს და 24 საათის განმავლობაში შესაძლებელს ხდის დიდი მოცულობის თანხის მიმდინარე ანგარიშზე განთავსებას. გასულ წელს ბანკმა ამ მიმართულებით 4 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
პროკრედიტ ბანკი აქტიური იყო სოციალური მიმართულებითაც, ორგანიზება გაუწია არაერთ გამოფენა-გაყიდვას, საიდანაც შემოსული თანხა მოხმარდათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მათ ოჯახებს.
ბანკმა 2015 წელი შემდეგი ფინანსური მაჩვენებლებით დაასრულა:
- კლიენტთა სახსრები: 669 მილიონი ლარი;
- საკრედიტო პორტფელი: 921 მილიონი ლარი;
- 2015 წლის წმინდა მოგება (IFRS-ს სტანდარტებით): 29 მილიონი ლარი.
საერთო ჯამში, 2015 წელი პროკრედიტ ბანკისთვის მორიგი წარმატებული წელიწადი იყო და იგი კვლავაც განაგრძობდა საიმედო და სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი საბანკო მომსახურების გაწევას მცირე და საშუალო ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისათვის.
2016 წლის გეგმები
ბანკის მიზანია გახდეს ე.წ. „house bank“ ბიზნესკლიენტებისა და ფიზიკური პირებისათვის, რომლებთანაც გრძელვადიანი თანამშრომლობა არის და იქნება ერთ-ერთი განმსაზღვრელი.
პროკრედიტ ბანკი 2016 წლის განმავლობაშიც გააგრძელებს ინოვაციური პროექტების დანერგვას არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის. აქცენტი წელსაც თვითმომსახურების სივრცე 24/7-ის განვითარებაზე გაკეთდება.
2016 წელს კვლავ გაგრძელდება ინტენსიური ინვესტირება კადრების ტრენინგებში. გარდა პროფესიული ტრენინგებისა, ისევ აქტუალური რჩება ინგლისური ენის სწავლება ადგილობრივად და საზღვარგარეთ, პროკრედიტ აკადემიებში. სადაც ასევე საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის გაგრძელდება სპეციალური კურსების შეთავაზება.