
ჟენევაში გაეროს ოფისში დღეიდან ქართული ქვევრიც იქნება განთავსებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ქვევრი საქართველოს მთავრობამ გაეროს ორგანიზაციის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით უსახსოვრა.
ჟენევაში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და გაეროს გენერალურმა დირექტორმა, მიხაელ მიოლერმა. ღონისძიებას ესწრებოდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი და ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს კულტურული იდენტობისა და უძველესი ტრადიციის ამ ელემენტმა გაეროში დაიდო ბინა, როგორც საქართველოს ხელისუფლების საჩუქარმა ორგანიზაციის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით. საქართველო ღვინის აკვანია, ქვევრით ღვინის დაყენებას კი ჩვენს ქვეყანაში 8000 წლის ტრადიცია აქვს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელიც ქვევრთან განთავსდა და დამთვალიერებელს ინფორმაციას აწვდის ძეგლის წარმოშობის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. ასევე მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმის „ღვინის გზის“ ჩვენება. დამთვალიერებელს ქვევრის ისტორიისა და საქართველოში ღვინის წარმოების შესახებ სამახსოვრო ბროშურები გადასცეს.
ქ. ჟენევაში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ
Posted by MFA of Georgia on Tuesday, March 1, 2016