Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC: ტყიბულში კომპანიის შეთავაზებას მუშები არადემოკრატიულ პროცესში დასთანხმდნენ

01 მარტი, 2016 18:56

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, ანანო ცინცაბაძის თქმით, ტყიბულში კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობებზე დათანხმება არადემოკრატიული პროცესის ფარგლებში მოხდა.

როგორც ტყიბულში მყოფმა იურისტმა „ლიბერალის" კორესპონდენტს უთხრა, გუშინ შეხვედრის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება მუშების მხოლოდ მცირე ნაწილს გააცნეს.

„გაფიცულები გადაწყვეტილებას 6 საათის განმავლობაში ელოდნენ,  მაგრამ მოლაპარაკების დასრულებისას, ღამის 12-ის ნახევრისთვის ადგილზე 50-მდე მუშაღა იმყოფებოდა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ისინი შენობაში აიყვანეს, სადაც შეთავაზებული პირობების კენჭისყრა მოხდა. შემდეგ კი საგაფიცვო კომიტეტმა მას სრულად მოაწერა ხელი. საქმე ისაა, რომ შეთანხმების პირობების შესახებ არ იცოდნენ დანარჩენმა მუშებმა. 1200 გაფიცული იყო, შეთანხმებაზე თანხმობა 50 განაცხადა, შესაბამისად, 1150-მდე გაფიცულის პოზიცია დარჩა გამოხატვის გარეშე“, - ამბობს ცინცაბაძე.

იურისტი იმ მექანიზმს განმარტავს, რისი მიხედვითაც საგაფიცვო კომიტეტი და გაფიცულები გასული დღეების განმავლობაში მოქმედებდნენ.

მისი თქმით, 1200-მდე გაფიცული მუშის წარმომადგენლობა გადაცემული ჰქონდა საგაფიცვო კომიტეტს, რომელიც 4 წევრისგან შედგებოდა.

„სტრუქტურა ასე ჩამოყალიბდა, წინა რამდენიმე შეხვედრის განმავლობაში, საგაფიცვო კომიტეტის წევრები შედიოდნენ შეხვედრაზე, იქიდან  შეთანხმების პირობები გამოჰქონდათ გარეთ, გარეთ იდგა ხალხის დიდი ნაწილი, აცხადებდნენ ამ პირობებს და უმრავლესობა იღებდა გადაწყვეტილებას. ისინი ეუბნეოდნენ, რომ ან დასთანხმებოდნენ, ან უარი ეთქვათ. გუშინდელი შეხვედრა კი განსხვავებული იყო ამ პროცედურისგან, ამიტომ მიამჩნია, რომ დაირღვა შეთანხმებული პროცედურა, რადგან ყველას ხმა არ იყო გამოხატული, რადგან საგაფიცვო კომიტეტი არ გამოსულა და ყველა გაფიცულისთვის არ გაუცნია შეთავაზების პირობები“, -  ამბობს იურისტი.

მისივე თქმით, შეიძლება, ითქვას, რომ ტყიბულში გაფიცვა შეწყდა, რადგან შახტმა მუშაობა განაახლა.

„დილის 6 საათის ცვლის ნაწილი შევიდა შახტში და მუშაობა ნაწილობრივ აღდგა. 12 საათის ცვლას რაც ეხებოდა, ნაწილი მუშებისა შახტში ამბის გასაგებად შევიდა, ეს ის ხალხია, ვინც გუშინ არ ესწრებოდა შეთანხმებას და არ იცოდა, რა გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ფაქტია ის, რომ შახტში დარჩა 12 საათის ცვლა და შეასრულეს სამუშაო. საგაფიცვო კომიტეტის წევრის თქმით, მესამე ცვლაც სრულად შევიდა შახტში სამუშაოდ“, - ამბობს ცინცაბაძე.

როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო პროცესი აღდგა, მუშებს შორის არის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იმ პროცესის მიმართ, რა პროცესითაც მიიღეს გადაწყვეტილება .

„მოდიოდნენ მუშები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ იყვნენ თანახმანი ამ პირობებზე“, - ამბობს ცინცაბაძე.

მისი თქმით, საგაფიცვო კომიტეტის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად კომიტეტის წინააღმდეგობა გატყდა, რის შემდეგად მუშებიც დაიქსაქსნენ.

„მუშების ის ნაწილი, რომლებიც არ იყვნენ წარმოდგენილნი შეთანხმებაზე და ვინც დღეს მაინც შევიდა შახტში, შევიდა იმიტომ, რომ პროცესი დაიქსაქსა. ხელმძღვანელები აღარ ჰყავს პროცესს, საგაფიცვო კომიტერი გატეხილია, ხდებოდა ზეწოლა. მათ ეუბნებოდნენ, რომ ქმნიდნენ სახელმწიფოებრივი დონის პრობლემებს, ეუბნებოდნენ იმასაც, რომ ეს არის ქალაქის საწინააღმდეგო მოქმედება.ზეწოლა იყო სერიოზული“, - ამბობს ცინცაბაძე.

როგორც „ლიბერალს“ საგაფიცვო კომიტეტის წევრმა, ლევან ბეშკენაძემ განუცხადა, 110-დან 95 მეშახტე გამოცხადდა მეორე ცვლაში. რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად 99%-იანი დასწრებაა.

„მე პირადად ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელიც წინააღმდეგი იყო ამ ნაბიჯის“, - ამბობს ბეშკენაძე.

„ოჯახები გვაქვს, შვილები გვყავს. შეგვეშინდა, რომ არ დაგვეკარგა ისიც, რაც კომპანიამ შემოგვთავაზა. ეს შახტი არის ერთადერთი თავის რჩენის საშუალება. ბოლომდე კმაყოფილი ვერასოდეს ვერ ვიქნებით, ალბათ, მაგრამ რა ვქნათ, სხვა რა გზა იყო", - განაცხადა დღეს „ლიბერალთან“ საუბარისას ერთ-ერთმა მეშახტემ.

გაფიცული მეშახტეები მოითხოვდნენ შრომის ანაზღაურების 40%-იან ზრდას, შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას და გარანტიას, შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნებაზე.

გუშინდელი შეთანხმების შედეგად, საწარმომ გაფიცულებს დაუყოვნებლივ 7%-ით სახელფასო ზრდა შესთავაზა, აპრილის დასაწყიში კი დამატებით - 3%-ით. საწარმო ასევე თანახმაა, გაცდენილი დღების ნაწილი აანაზღაუროს, ნაწილს საშვებულებო დღედ გააფორმებს. აგრეთვე, გადაიხედება შრომის პირობები.

ტყიბულში გაფიცვა მე-16 დღეს შეწყდა.

შეთანხმების დოკუმენტი რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს. „პროფკავშირის გაერთიანების წევრი ორგანიზაცია ვართ და ბუნებრივია, დოკუმენტი ჩვენც მოგვეწოდა პროფკავშირის გაერთიანების საშუალებით", - უთხრა ილია ლეჟავამ „ლიბერალს". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^