Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან ვასაძის 120 შენიშვნა განათლების სამინისტროს

03 მარტი, 2016 14:28

უნდა დაინერგოს თუ არა საქართველოს საჯარო სკოლებში საგანი „მე და საზოგადოება“ - ამ თემაზე რამდენიმე თვეა, აქტიური დისკუსია არ სრულდება. 
სამინისტროს საგნის შინაარსსა და მიზნებს უწუნებს საქართველოს საპატრიარქო და მასთან აფილირებული სხვადასხვა ჯგუფი. საგნის დანერგვის მოწინააღმდეგეთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის” დამფუძნებელი და დემოგრაფიული განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ვასაძეა. 
„ლიბერალს“ ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, რომელიც ლევან ვასაძემ სამინისტროს გაუგზავნა და რომელშიც ის სტანდარტზე თავის შენიშვნებს უზიარებს. 

ლევან ვასაძეს მიზნების დოკუმენტში 120-მდე შენიშვნა აქვს შეტანილი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ შენიშვნებზე დაყრდნობით სამინისტრომ გარკვეული ცვლილებები შეიტანა სტანდარტში. ამის შესახებ ვასაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში თქვა.

მაგალითად, დოკუმენტის დასაწყისშივე, სადაც საუბარია თანასწორობასა და ტოლერანტობაზე, ლევან ვასაძე შენიშვნის სახით მიუთითებს, რომ ეს სიტყვა ბარბარიზმია და მის ნაცვლად იქ „შემწყნარებლობა“ უნდა ეწეროს (დოკუმენტის ბოლო ვერსიაში სიტყვა ტოლერანტობა შემწყნარებლობამ ჩაანაცვლა).

ვასაძის შენიშვნებიდან ირკვევა, რომ დოკუმენტი მისთვის, ძირთადად, გაუგებარი და ბუნდოვანია. დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ რომ თუკი საგნის მიზანი სოციალიზაციაში ხელშეწყობა იქნება, ის ძირეულად შეეწინააღმდეგება ჩვენი კულტურის ფუნდამენტურ ფასეულობებს. 


ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტმანტის უფროსმა, ნათია ჯოხაძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ ლევან ვასაძის კომენტარების უმრავლესობა სერიოზულად არ აღუქვამთ.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

„საზოგადოებრივი მეცნიერებების გზით, ბავშვი შეიმეცნებს ოჯახზე, უშუალო გარემოსა და სამშობლოს ბუნებრივსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის აუცილებლობას; კანონის პატივისცემასა და უსაფრთხო, ჯანმრთელი ცხოვრების წესის გაზიარების მნიშვნელობას. 

ვასაძის კომენტარი -

(უნდა ზუსტად განისაზღვროს რა იგულისხმება აქ, თუ ეს არის ბავშვებისათვის სექსის გაკვეთილების ჩატარება და პრეზერვატივების ფალოსის იმიტატორებზე წამოცმა, როგორც ეს კეთდება ევროპაში, ეს სრულიად მიუღებელია ჩვენი კულტურისა და ტრადიციისათვის) 

ხელი შეუწყოს სოციალიზაციაში - (როგორ კონკრეტულად? თუ ეს არის პიროვნების კულტისა და „მე შემიძლიას“ ჰოლივუდისეური შაბლონი, იგი შეიძლება ძირეულ კონფლიქტში მოდიოდეს ჩვენი კულტურის ფუნდამენტალურ ფასეულობებთან.)

პიროვნული განვითარება და იდენტობა - ამ მიმართულების მიზანია, მოსწავლეს ასწავლოს საკუთარი და სხვისი ქცევის ანალიზი, საკუთარი თავის თვითშეფასება, რაც მომავალში საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრაში დაეხმარება; საგნის ეს მიმართულება ხელს შეუწყობს მოსწავლეს, ჩამოყალიბდეს ღირსების, პასუხისმგებლობის, დადებითი თვითშეფასებისა და ზნეობრივი პრინციპების მქონე პიროვნებად, რომელსაც ექნება თვითკონტროლისა და თვითგამოხატვის უნარები.

რას ნიშნავს დადებითი თვითშეფასება, როგორ თანხმობაშია ის ჩვენი კულტურის ისეთ ძირეულ ღირებულებებთან, როგორიცაა თავმდაბლობა, მონანიება, კდემა, მორცხვობა?

ინიციატივა და მეწარმეობა - მიმართულების მიზანია, მოსწავლეს კრიტიკული და ინოვაციური აზროვნება განუვითაროს; აღჭურვოს იგი ისეთი ცხოვრებისეული უნარებით როგორიცაა: გადაწყვეტილების მიღება, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში მიზნების შესაბამისად მოქმედება, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა, დროის, რესურსების სწორად ხარჯვა და დაზოგვა.  

(კარგია, მაგრამ რა შუაშია ეს ზნეობასა და საკუთარი კულტურის ცოდნასთან, როგორ შეიძლება ერთმა საგანმა ბავშვს ასწავლოს მეწარმეობა, ზნეობა და კულტურა.  როგორ წარმოგიდგენიათ ამ საგნის სახელმძღვანელო, როგორ წარმოგიდგენიათ მისი სამასწავლებლო კორპუსი, რა პროფესიის უნდა იყოს ამ საგნის მასწავლებელი, და რატომ მიგაჩნიათ ეს ჩვენი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ჩვენი საშუალო განათლების სისტემის ამჟამინდელი მდგომარეობის პრიორიტეტად?)

საზ.მეც.სტ.IV.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენა და მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს; 

ვასაძის კომენტარი

როგორც უკვე ეწერა, განგვიმარტეთ რას ნიშნავს აქ ჯანსაღი ცხოვრების წესი.  ასევე, ჩვენს უძველეს კულტურაში, შეიძლება ჰიგიენის წესების სწავლებაც კი, თუ ზუსტად არ განვმარტავთ, რას ნიშნავს ეს, შეიძლება ძალიან უხამსი და შეურაცხმყოფელი იყოს ბავშვებისათვის, რომლებსაც ოჯახები თავად ასწავლიან იმას, რაც საჭიროა.

საზ.მეც.სტ.IV.8. მოსწავლემ უნდა შეძლოს ასაკის შესატყვისი სამომხმარებლო (რას გულისხმობთ აქ: სამომხმარებლო ფსევდო–კულტურაა, რომელიც ღუპავს და აუბედურებს ადამიანს) და  ეკონომიკური უნარ-ჩვევების  გამოვლენა (1. გაუგებარია რა იგულისხმება, ეკონომიკის საფუძვლების ცოდნა, თუ მაგალითად ხარჯების დაგეგმვის უნარი (მაშინ უნდა ეწეროს ეკონომიური და არა ეკონომიკური) 2. ეს ვერ იქნება მოთხოვნა ბავშვისადმი, მით უმეტეს 3–4 კლასში, ეს გამოიწვევს მასში ნაადრევ, ხელოვნურ გაღვივებას ისეთი საზოგადოებრივი საქმიანობისადმი, რომელიც მას ჯერ არ მოეთხოვება.)

საზ.მეც.სტ.IV.13. მოსწავლემ უნდა შეძლოს მისი, როგორც ბავშვის, გარკვეული უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერება;

(რომელი გარკვეული უფლებების?  დაგვიკონკრეტეთ?  რა მიზნით?  რომ თუ მეცადინეობა არ უნდა მშობლებს უჩივლოს, ხელს მირტყავენო?  და როგორ გაარჩევს პოლიციელი და სოც. მუშაკი ვინ ტყუის, ბავშვი თუ მშობელი?  რა გსმენიათ იუვენალური იუსტიციის საფრთხეებზე ზოგიერთ უცხოურ ქვეყანაში და რა უქნა სახელმწიფოს მიერ „ზრუნვამ“ ამ ქვეყნებში ოჯახურ კულტურასა და დემოგრაფიას?) 

საზ.მეც.სტ.IV.14. მოსწავლემ უნდა შეძლოს განსხვავებულობის მიმღებლობის უნარის გამოვლენა;  (რას ნიშნავს ეს ქართულად?  რას გულისხმობთ?  ამას ხომ არა: მოსწავლე უნდა იყოს შემწყნარებელი?)

საზ.მეც.სტ.VI.9. მოსწავლემ უნდა შეძლოს მისი, როგორც ბავშვის, გარკვეული უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერება; დადგენილი წესებისა და კანონების საფუძველზე თავისი უფლებების რეალიზება  და სხვისი უფლებების დაცვა 

(რას ნიშნავს სხვის უფლებების დაცვა მოსწავლის მიერ?  უფლებებს იცავს სამართალდამცავი ორგანოები, ეს არ არის ზუსტი იურიდიული ტერმინი, რომელმაც შეიძლება სამართალდარღვევა გამოიწვიოს მოსწავლის მხრიდან.  თუ თქვენ გულისხმობთ სხვისი უფლების არ შელახვა, მაშინ ქართულად უნდა გამართოთ ეს წინადადება.  მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა დაგვიკონკრეტოთ, რა უფლებებს გულისხმობთ თქვენ, რადგან ბოლო წლებში თავსმოხვეული აგრესიული ლიბერალიზმის დოქტრინა უფლებების შესახებ კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნის კულტურული და ტრადიციული ღირებულებებიდან გამომდინარე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^