Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვმუშაობთ „ოცნებასთან" ორპარტიულ შეთანხმებაზე" - „რესპუბლიკელები" პრემიერს შეხვდნენ

03 მარტი, 2016 22:55

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ „რესპუბლიკური პარტია" და პარტია „ქართული ოცნება" სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში ვრჩებით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკელებსა" და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

დავით უსუფაშვილის თქმით, ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობა ძალიან მალე დასრულდება, რომელიც მიმართული იქნება მომავალზე იმისთვის, რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც.

„ამ საკითხში პრემიერის და „რესპუბლიკური პარტიის" პოზიცია ძალიან მყარია. ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას – სტრატეგიულს და არა ცალკეულ საკითხებზე, თემატურსა და მოკლევადიანს. ამასთანავე, „რესპუბლიკელებსა" და პარტია „ქართულ ოცნებას" შორის შეთანხმება დაზუსტდება", - ამბობს დავით უსუფაშვილი.

შეკითხვაზე -  „რესპუბლიკური პარტიისა" და პარტია „ქართული ოცნების" ორპარტიულ შეთანხმებაზე შესაძლო გადასვლა ნიშნავს თუ არა იმას, რომ კოალიცია ახალ ფორმატზე გადადის, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სიახლე ყველაფერს სჭირდება, მათ შორის კოალიციას. 

„ჩვენ როცა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ კოალიციაში ერთად დავდექით, გვქონდა კონკრეტული ამოცანები – მაშინ, ეს იყო რეჟიმის დასრულება. ეს მოვახერხეთ, დავასრულეთ. შემდგომი ოთხი წლის ერთობლივი საქმიანობა, სტრატეგიული პარტნიორობა კი ნიშნავს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო საქმიანობას", - განმარტა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა „რესპუბლიკელებსა" და „მრეწველებს" შორის მომავალი ურთიერთობის შესახებ საუბრისგან თავი შეიკავა.

„ამ თემაზე ვერაფერს მოგახსენებთ. ამ თემაზე პრემიერი თავად ისაუბრებს, როცა ის საჭიროდ მიიჩნევს", - ამბობს უსუფაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი და „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მონაწილეობდნენ.

პრემიერთან შეხვედრის გადაწყვეტილება „რესპუბლიკელებმა" მას შემდეგ მიიღეს, რაც დღეს გიორგი კვირიკაშვილი „მრეწველებსა" და „რესპუბლიკელებს" შორის დაპირისპირებას განცხადებით გამოეხმაურა. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კოალიციაში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. 

„პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ და რის გამო დაიწყო დაპირისპირება. ეს არ უნდა ვაკადროთ, პირველ რიგში, იმ ხალხს, ვინც 2012 წელს მხარი დაგვიჭირა, ქვეყნის მართვა გვანდო და რომლებიც საქართველოს უმრავლესობას შეადგენენ. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს, იფიქრონ და დასახონ ხალხის პრობლემების მოგვარების გზები.

რამდენიმე დღის წინ გავაკეთე პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ კოალიციის წევრების მხრიდან თავდაცვის მინისტრის მისამართით ამ ტიპის საჯარო ბრალდებები მიუღებელია და დღესაც ამ აზრზე ვრჩები. თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება. დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული“ - თქვა პრემიერმა. 

„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პრემიერის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ კვირიკაშვილის განცხადებამ გაურკვევლობა გამოიწვია და სიტუაცია დაძაბა. ამიტომ პარტიის უფლებამოსილმა პირებმა პრემიერთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღეს. 

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი და „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათინა სამნიძე მონაწილეობდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^