საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, ამასთან, შემცირდება „სოკარიდან“ შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც ეროვნული ვალუტის უცხოური ვალუტასთან გაუფასურების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს ნაწილობრივ ამცირებს.
„საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს სამხრეთკავკასიური (ე.წ. შაჰ-დენიზის) მილსადენიდან მიიღებს და წინა წლების მსგავსად აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან მოცულობების მიღების პრობლემა. გარდა ამისა, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს, 1000 კუბურ მეტრზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი" - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება თითქმის 40%-ით არის გაზრდილი, რაც ბუნებრივი აირის მოცულობების დამატებით მიღების აუცილებლობამ განაპირობა.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, კახა კალაძემ და „სოკარის" პრეზიდენტმა როგვან აბდულაევმა საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სოკარს“ შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს ხელი მოაწერეს.
ამასთან, დღესვე, „გაზისა და ნავთობის კორპორაციის" დირექტორმა, დავით თვალაბეიშვილმა და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის" ხელმძღვანელმა, ზაურ გულიევმა ხელი მოაწერეს „ბუნებრივი გაზის მოამარაგების შესახებ" - „კორპორაციასა" და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს" შორის ხელშეკრულებაში ცვლილებებს.
სამინისტროს ცნობით, ასევე ხელი მოეწერა „ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე" „არნსკსა“ და „კორპორაციას" შორის 2012 წლის ივლისში გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.
კახა კალაძის თქმით, დეფიციტის პრობლემა, რომელიც ქვეყანას ჰქონდა, „სოკარმა" დამატებით 500 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირის მოწოდებით მოაგვარა.
„დამატებითი მოცულობები ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს. საქართველო მომავალი წლების განმავლობაში ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი იქნება“, - ამბობს კალაძე.
კალაძის თქმით, მთავრობა ასევე იწყებს გაზსაცავის მშენებლობასაც იწყებს.
რაც შეეხება ირანთან მოლაპარაკებებს, მინისტრის თქმით, როდესაც საუბარი იყო, რომ ქვეყანას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა ბუნებრივი აირის მიღებაზე, მათ პარალელურად მოლაპარაკებები ირანთანაც დაიწყეს.
„გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე თუ რამდენად შესაძლებელი იყო, რომ წამოგვეღო ირანული გაზი. თეორიულად ამის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არსებობს“, - ამბობს კალაძე.