"არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს!",- ამ მოთხოვნით 7 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში აქცია გამართეს.
სტუდენტების პროტესტი თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისთვის ბაკურიანში ტრენინგების დასაფინანსებლად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილმა 24 600 ლარმა გამოიწვია. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტის მცირე ბიუჯეტის პირობებში, ტრენინგისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივია.
2 მარტს, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ირაკლი კუპრაძემ უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან, თსუ-ის თვითმმართველობის მიერ ბაკურიანში ორგანიზებული ტრენინგების მიზნობრიობის შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტამდე ბაკურიანში თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილე სტუდენტების ხარჯმა 24 600 ლარი შეადგინა. ტრენინგში 75 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგის თემა ლოჯისტიკა, სტრატეგიული დაფინანსება და მოლაპარაკებების სიმულაცია იყო.
თანხა საფინანსო დეპარტამენტმა უნივერსიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციების, იმიტირებული პროცესებისა და სხვა დაფინანსების ხარჯებიდან გაიღო.
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის გიორგი არობელიძის თქმით, ბაკურიანის ტრენინგს თსუ-ის ადმინისტრაცია უკვე წლებია აფინანსებს. 2015 წელს ტრენინგის დასაფინანსებლად 19 000 ლარი გამოიყო,- "მაშინ გავაპროტესტეთ ეს ფაქტი, შევხვდით რექტორს, შეხვედრისას მან თქვა, რომ ეს იყო შეცდომა და მსგავსი რამ აღარ მოხდებოდა. წელს 19 000-ის ნაცვლად 25 000-მდე ლარი გამოყვეს. პროცედურულად თვითმმართველობას ადმინისტრაციაში შეაქვს რაღაც პროექტი, ადმინისტრაცია განიხილავს, აფინანსებს ან არ აფინანსებს. ჩვენ დღეს აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გარდა თვითმმართველობის პასუხისმგებლობისა, ყურადღება გავამახვილოთ ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაზეც."
გარდა ამისა, აქციაზე შეკრებილი სტუდენტები უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებდნენ. გაფინდაშვილის კანდიდატურა სენატს აკადემიურმა საბჭომ წარუდგინა. კანცლერის არჩევნები თსუ-ში 10 მარტს იგეგმება.
არობელიძე განმარტავს, რომ გაფრინდაშვილი კანცლერის თანამდებობისთვის შეუფერებელია, რადგან ის 2011-2012 წლებში, როცა სტუდენტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები მოხდა, ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო და ხელს აფარებდა მოძალადე სტუდენტებს.
"ჩვენ უარს ვამბობთ უნივერსიტეტში ძალადობაზე. არ გვინდა ის ადამიანები, რომლებიც შემჩნეულნი არიან ძალადობაში და ძალადობის დაფარვაში. სწორედ ამიტომ, ამ აქციით, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის სენატს უარი თქვას ამ კანდიდატზე."
არობელიძე ამბობს, რომ ვინაიდან გაფრინდაშვილი სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაახლოებული პირია, მისი კანცლერად არჩევის შემთხვევაში თვითმმართველობის პრივილეგია შენარჩუნდება და არამიზნობრივი თანხების ხარჯვაც გაგრძელდება.
თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტი, შალვა საბაური "ლიბერალთან" საუბრისას განმარტავს, რომ ტრენინგში მონაწილე სტუდენტების რაოდენობა წინა წლებშან შედარებით 105-დან 75 სტუდენტამდე შემცირდა. ცდილობდნენ თანხები მაქსიმალუარდ დაეზოგათ. მისი თქმით, ტრანსპორტირების თანხები თავად სტუდენტებმა გაიღეს. ტრენინგი ორ ნაკადად ჩატარდა. სასტუმროს ხარჯებმა კი 19 680 ლარი შეადგინა, ამას საშემოსავლოს მოსაკრებელიც დაემატა, ჯამში 24 600 ლარი.
მისი თქმით, ეს არის კონცენტრირებული დანახარჯი, თითო სტუდენტზე დახარჯულმა თანხამ კი 328 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ტრენინგის მიზნობრიობას, საბაური განმარტავს, რომ სტუდენტებს ტრენინგის შედეგად კვალიფიკაცია აუმაღლდათ, "რომ უნივერსიტეტში არსებულ ბიუროკრატიულ სისტემაში, სტუდენტების მიერ პროექტები ბევრად ეფექტურად განხორციელდეს. "
მოგვიანებით, სტუდენტებმა ეზოდან პირველი კორპუსის შენობაში, რექტორის კაბინეტთან გადაინაცვლეს და მასთან საუბარი მოითხოვეს. უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა, სტუდენტებს შეხვდა და დიალოგისთვის მზაობა გამოთქვა.
რექტორმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თვითმმართველობის დაფინანსების საკითხს გასული წლის დეკემბერში სენატის სხდომაზე განიხილავდნენ, რომ შემოეღოთ წესი, რომელიც სტუდენტური პროექტების დაფინანსების საკითხს დაარეგულირებდა. თუმცა, მისი თქმით გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, რადგან აქტი რექტორსა და უნივერსიტეტის კანცლერს უნდა გამოეცათ. იანვრიდან კი ყოფილ კანცლერს, დავით ჩომახიძეს უფლებამოსილების ვადა გაუთავდა.
სტუდენტებმა აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს, რომ უშუალოდ მათგან მიეღოთ პასუხი თუ რატომ დაუჭირეს მათ გაფრინდაშვილის კანდიდატურას მხარი.
სტუდენტებთან შეხვედრაზე საბჭოს მხოლოდ 8 წევრი მოვიდა. სტუდენტებმა მათ გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა სთხოვეს და განაცხადეს, რომ გიორგი გაფრინდაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან "ოდეერები" ლობირებდნენ. გარდა ამისა, მათ საბჭოს წევრებს 2011 წელს სტუდენტების ცემის შესახებ მომზადებული ვიდეოები აჩვენეს. საბჭოს წევრებმა შეხვედრისას განაცხადეს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
"ჩემი როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელის ამოცანაა, რომ შევინარჩუნო მთლიანობა, უნივერსიტეტი არ იყოს დაყოფილი, რაც მთავარია დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს. სტუდენტებს უფლება აქვთ ნებისმიერი ფორმით გამოხატონ თავიანთი პროტესტი, უნივერსიტეტი ღია საჯარო სივრცეა. რაც შეეხება აკადემიურ საბჭოს, მისი თითოეული წევრი არის დამოუკიდებელი პიროვნება, მას ამ ეტაპზე ინსტიტუციურად არ შეუძლია რაიმე გადაწყვეტილების მიღება, აკადემიური საბჭოს თითოეული წევრის პირადი გადასაწყვეტია რა ნაბიჯს გადადგამს და ვის რას ურჩევს",- განაცხადა შეხვედრის დასასრულს ვლადიმერ პაპავამ. მისი თქმით, უნივერსიტეტში განხეთქილებისა და დაპირისპირების თავიდან აცილების ერთადერთი გზა, კანცლერის არჩევნების თავიდან გამოცხადებაა.