Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"შენ კენჭს იყრიდი იმ ღამეს მერი" - ქალი, შრომის უფლებები და პოლიტიკა

08 მარტი, 2016 20:57

„ბოლოს როდის გარეცხე საკუთარი ტრუსიკი?“; „ენა, მამული, ჰომოფობია”; „შუში ჭერი - ფრთხილად თავი არ მიარტყათ“;  “ქალის შრომა შრომაა, დიასახლისობა მოვალეობა არაა”; “შენ კენჭს იყრიდი იმ ღამეს მერი”; “თანასწორობამ მითხრა ნუ მეძებ“; „აანთე სინათლე გვირაბის ბოლოს“ - ფერად -ფერადი პლაკატებით, ფილარმონიასთან  ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. სარვამარტო მსვლელობა სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო. „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ და ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, მსვლელობა შრომით უფლებებს მიეძღვნა.

„ქალები:

ყოველდღიურად განიცდიან სექსუალურ შევიწროებას სამუშაო ადგილებზე;

განიცდიან დისკრიმინაციას ორსულობის ან სხვა ნიშნის გამო (გასაუბრების და შერჩევის ეტაპზე);

ვერ სარგებლობენ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით;

არიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი;

აქვთ დასაქმების, კარიერული წინსვლის  და პროფესიული არჩევანის ნაკლები შესაძლებლობები;

იღებენ კაცებზე საშუალოდ 38%-ით დაბალ ხელფასს;

ჩართული არიან აუნაზღაურებელ საოჯახო შრომაში (ქალების 70%-80% უძღვება საოჯახო საქმეებს);

ქალებს არ აქვთ საკუთარი საკითხების პოლიტიკურ სფეროში წამოყენების შესაძლებლობა, ვინაიდან ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში 11%-ია", - აქციის მონაწილეებმა სარვამარტო მანიფესტი გაავრცელეს.  მანიფესტს ხელს „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“,  „ადამიანის  უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, „ახალგაზრდა მწვანეები“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „ქალის მზერა“, „ვეგან ჯორჯია“, „ლგბტ საქართველო“, „ანარქაფემინისტები“, „რადიკალი ლესბოსელების ჯგუფი“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“ აწერენ.

აქციაზე ისაუბრეს მარგინალიზებული ჯგუფების შრომით უფლებებზე, როგორებიც არიან  მძიმე იდუსტრიაში დასაქმებული მუშები (როგორც ქალები, ასევე კაცები), ლგბტ ქალები, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და სხვა.

„ჩვენ გვინდა რვა მარტმა დაიბრუნოს ის მნიშვნელობა, რაც თავდაპირველად ჰქონდა -  ქალების შრომის უფლებების კუთხით ხმის ამოღება და ამ პრობლემებზე აქტიური საუბარი. ქალები არ არიან თანაბარ შრომით პირობებში, ისინი იჩაგრებიან სამუშაო ადგილებზე,  მაგრამ არის კიდევ სხვა კატეგორია ქალებისა, რომელებიც უფრო მეტად იჩაგრებიან და ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. ეს არის მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელი ქალები, ტრანსგენდერი ქალები, ბისექსუალები, სექს მუშაკები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები. ამ პროცესში ყველა მონაწილეს, სახელწმიფოსაც და დამსაქმებელსაც ვთხოვთ, შრომითი უფლებები დაიცვან. მოვითხოვთ, შეიქმნას ქმედითუნარიანი შრომითი ინსპექცია. რაც ხდება  სწორედ იმის ბრალია რომ ქალების საჭიროებებს არავინ არ აყენებს წინ, ქალების პოლიტიკაში მოსვლა კი მდგომარეობას შეცვლის",  - ამბობს „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრი ეკა იმერლიშვილი.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყოფილი შენობისკენ მსვლელობა მოაწყვეს და ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქცია „პოლიტიკა SHE” -ის შეუერთდნენ.

„რა გვინდა? - თანასწორობა, როდის? - ახლა“ , „არც მოძღვარი და არც ქმარი, ქალის ბედს წყვეტს თვითონ ქალი“, - მსვლელობის დროს შეძახილები ისმოდა რუსთაველის გამზირზე.

„მეტი ქალი პოლიტიკაში“ - ეს იყო ქალთა მოძრაობის აქციის მთავარი გზავნილი.  ისინი მოითხოვენ სავალდებულო კვოტებს - საარჩევნო სიის შედგენის კანონით დარეგულირებას, რომელიც ქალების 25% წარმომადგენლობას  უზრუნველყოფს პარლამენტში.

პარლამენტის  ყოფილი შენობის წინ მოწყობილ სპეციალურ სცენაზე  ქალები თავიანთ ამბებს ყვებოდნენ:

„მე  ვარ მაია ჩიტაია, მარტოხელა დედა. ჩემს ოჯახში ვარ ერთადერთი შემომტანი და ჩემი ოჯახისთვის ერთადერთი მზრუნველი. სამწუხაროდ, ვერც პოლიტიკა, ვერც სახელმწიფო გვერდით ვერ მიდგას და არ ცდილობს შეამსუბუქოს ჩემი როგორც მარტოხელა დედის ტვირთი. ეს იმიტომ რომ პოლიტიკაში არიან კაცები, ჩემს ინტერესებს წარმოადგენენ კაცები რომლებისთვისაც უცხოა ჩემი როგორც ქალის და როგორც დედის გამოცდილება. ასე იყო ძალიან დიდხანს და ასეა დღესაც, ეს ადამიანები,  პოლიტიკოსები, თვლიან  რომ  ქალის ოჯახში საქმიანობა ეს არის მისი ბუნებრივი საქმიანობა. ქალის შრომა ოჯახში ჯერ კიდევ დაუნახავია. მე არ მჭირდება დედის დღე, მე მინდა სახელმწიფოს თანადგომა, ისევე როგორც ეს არის სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. იმისათვის, რომ ჩემი ხმა ისმოდეს პარლამენტში, ჩემს ინტერესებს უნდა წარმოადგენდნენ ქალები. მე მინდა მეტი ქალი პარლამენტში.“

„მე ვარ ნათია, 29 წლის ლესბოსელი ქალი, ფემინისტი აქტივისტი. ბავშვობიდან ჩემზე და ჩემნაირ ადამიანებზე კარგი არაფერი მსმენია. დღესაც მხოლოდ ის მესმის რომ ჩვენნაირების ადგილი ამ ქვეყანაში არ არის. ჩვენ ყოველდღე გვკლავენ, გვცემენ, გვრიყავენ და სახლიდან გვაგდებენ პოლიტიკოსების, საჯარო და საეკლესიო პირების სიძულვილით წაქეზებული ადმიანები, მათ შორის ოჯახის წევრები და ამისთვის არავინ არ ისჯება. 2013 წლის 17 მაისს ამ სიძულვილს ჩემი სიცოცხლეც კინაღამ შეეწირა და ამისთვის არავინ დასჯილა. პოლიტიკოსებს მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა სჭირდებათ განტევების ვაცი რომ გადაფარონ თავინთი უუნარობა და რეალური სოციალური პრობლემებისადმი საკუთარი გულგრილობა. დღეს, 150 პალმანეტარიდან ჩვენს უფლებებს უკომპრომისოდ იცავს მხოლოდ სამი და სამივე ქალია, სწორედ ქალებს შეუძლიათ და არ შეეშინდებათ გაიტანონ ჩვენი ხმა იქ, სადაც გამაყრუებელი სიჩუმეა. სწორედ ამიტომ გვინდა მეტი ქალი პოლიტიკაში.“

„მე ვარ გიულარ იბრაგიმოვა, 23 წლის, მარნეულიდან. წარმოშობით ვარ აზრებაიჯანელი. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენთან, ქვემო ქართლში  პრობლემაა ადრეული ქორწინება, რომელიც როგორც ზოგადი განათლების, ისე უმაღლესი განათლების  მიღებაში და კარიერის შექმნაში  უშლის ხელს ქალებს, ასევე იმაში, რომ ისინი დამოუკიდებლად ვერ ცხოვრობენ. მე ვფიქრობ, რომ დღეს პოლიტიკოსები, პოლიციელები სკოლის დირექტორები საკმარისად არ არიან საქმის კურსში. თუ დღევანდელ დღესთან შედარებით ქალების რაოდენობა უფრო გაიზრდება  და  ჩვენთან ეს პრობლემა უფრო მოგვარდება. ამიტომ მეტი ქალი პარლამენტში“

„გესმით ჩემი ხმა?  - ძალიან კარგია რომ გესმით რადგან ეს არის ხმა უამრავი მორწმუნე ქალის, რომელსაც სამწუხაროდ ამ საზოგადოებაში აქვს ორმაგი მაყუჩი, ერთი საზოგადეობისგან, მეორე უფრო ძლიერი მაყუჩი ეს არის ღმერთი სახელით, უზენაესის სახელით დახშობილი ხმა. მე წარმოვადგენ იმ ქალებს რომელებიც ამ ქვეყნაში  არიან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, რომელთაც არ აქვს უფლება აირჩონ ბევრი რამ, აირჩიონ პროფესია, სამსახური, ცხოვრების თანამგზავრი. ძალიან ძნელია ამ ქალების ხმის გაგონება, რადგან მათ მძიმე კარი აქვთ ჩარაზული და ეს არის რელიგიის კარი. ჩვენ გვინდა ბევრი ქალი პოლიტიკაში, რადგან დღეს კაცები რელიგიის სახელით ესაუბრებიან ერთმანეთს და ამ საუბარში ძალიან ცოტა ისმის ქალის ხმა. ჩვენ გვჭირდება მეტი ქალის პოლიტიკაში, რომელიც შეძლებს ორმაგად დახშული ქალის ხმის გაგონებას.“

პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, კიბეებზე, პოლიტიკოსების ფოტოებით ყუთები ელეგა, სადაც აქციის მონაწილეებს   პარლამენტარებისთვის წერილების მიწერა შეეძლოთ. 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ მოქალაქეები.

  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^