ჩვენ ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხს, როგორც საზოგადოება, - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციაზე.
როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს და მინისტრს დღეს დილით მიუვიდა ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა ამ დრომდე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
„დღეს დილით მომივიდა ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა არ შემიძლია არაფრის თქმა ამ დროისთვის. ჩვენ ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხს, როგორც საზოგადოება. ჩვენ აქტიური და ქმედითი ურთიერთობა გვაქვს ამერიკის მთავრობასთან და გამთენიისას, ძალიან ადრე გვაცნობეს, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ვარაუდი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
„ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, პანკისელი ტერორისტის, აბუ ომარ ალ-შიშანის, იმავე თარხან ბათირაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ კომენტარი პენტაგონშიც გაკეთდა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, პენტაგონის ვარაუდობს, რომ ბათირაშვილი შესაძლოა პარასკევს სირიაში აშშ-ის ავიაიერიშს ემსხვერპლა, თუმცა მისი ლიკვიდაციის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს და პენტაგონი ინციდენტის დეტალებს იკვლევს.