სტუდენტები ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში რჩებიან და ღამეს ათევენ. ისინი მოითხოვენ სასწავლებელში „ოდეერის“ ინსტიტუტის არსებობის შესახებ გამოძიების დაწყებას, კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირებას, გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას, თვითმმართველობის ფუნქციისა და ადმინისტრაციული უფლებების მინიმალიზაციას. აქციას დღეს 15:00-ზე განაახლებენ. სტუდენტები არ აპირებენ სხდომათა დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
„გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერად არჩევა პირდაპირ ნიშნავს უნივერსიტეტში დღეს ისედაც პრივილეგირებული ჯგუფების კიდევ უფრო გაძლიერებას და თვითმმართველობის მიერ უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამართებულად ხარჯვის პრაქტიკის ხელშეწყობას, რადგანაც ეს პიროვნება წლების განმავლობაში იყო უნივერსიტეტში არსებული ძალადობრივი წარმონაქმნის აქტიური წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. მისი კანცლერად არჩევა კიდევ უფრო დაემუქრება ისედაც შელახულ აკადემიურ თავისუფლებას,” - ნათქვამია სტუდენტების გავრცელებულ განცხადებაში.
თსუ-ში შეკრებილი აქციის მონაწილეების თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომიურობის დარღვევა ლოკალური პრობლემა არ არის. ეს ქვეყანაში უნივერსიტეტის, როგორც ავტონომიური სივრცის ჩამოშლის პროცესია, რაც პირდაპირ დარტყმას წარმოადგენს ქვეყანაში არსებული დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხზე :
„მივმართავთ ყველა უნივერსიტეტს, გამოხატონ საერთო სტუდენტური პოზიცია და დადგნენ ჩვენ გვერდით სამართლიანობის, თანასწორობისა და ავტონომიურობის პრინციპების დასაცავად. გამოგვიცხადონ სოლიდარობა და შემოგვიერთდნენ ხვალ დილიდან განახლებულ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციაზე,” - აცხადებენ სტუდენტები და მოუწოდებენ აკადემიურ პერსონალს, ღიად გამოხატონ პოზიცია.
თსუ-ის სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც უერთდებიან. ისინი A კორპუსიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე დღეს 14:00-ზე მსვლელობას მოაწყობენ.
10 მარტს თსუ-ში სენატის სხდომა ჩაშლილად გამოცხადდა. სხდომაზე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის არჩევის შესახებ.
სტუდენტებმა, სხდომაზე შესვლა მოითხოვეს, თუმცა მათ წინააღმდეგობა დაცვამ და პოლიციამ გაუწია:
„პოლიცია მთელი დღის განმავლობაში ძალადობრივად უშლიდა ხელს სტუდენტებს გადაადგილებულიყვნენ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, რაც სტუდენტთა გარკვეული ნაწილის ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა. ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას.”