თსუ-ში სტუდენტების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებს დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. "ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ის სტუდენტებს!" - ამ შეძახილებით 20-მდე სტუდენტი ჭავჭავაძის ქუჩის გავლით, თსუ-ის პირველ კორპუსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეურთდა.
სტუდენტებს სოლიდარობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა გიორგი მაისურაძემაც გამოუცხადა: „ეს არის ყველაზე ჯანსაღი პროცესი. მხოლოდ სტუდენტებს შესწევთ ძალა უამრავი მანკიერებისგან გაწმინდონ ეს ქვეყანა. როგორც ამ უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი და როგორც კერძო პირი, ყოველთვის თქვენ გვერდით მიგულეთ”, - მიმართა სტუდენტებს მაისურაძემ.
სტუდენტები ამ დროისთვის უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში არიან შეკრებილები და ელოდებიან, უნივერსიტეტის სენატის წევრების გამოხმაურებას. ასევე, მსჯელობენ, როგორ გაგრძელდება მათი პროტესტი.
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი კუპრაძე "ლიბერალთან" საუბრისას ამბობს, რომ მათ მოძრაობას კანცლერის არჩევნებში მათთვის სასურველი კონკრეტული კანდიდატი არ ჰყავს. მისი თქმით, სტუდენტებისთვის ნებისმიერი კანდიდატი მისაღებია, მთვარია მის მიმართ არ იყოს ბრალდებები და ეჭვები, რაც კატეგორიულად მიუღებელია საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებისთვის.
"ამ პროცესების კვალდაკვალ, როცა რექტორმა აღიარა უნივერსიტეტში ე. წ. "ოდეერების" არსებობა, როცა უკვე მესამე წელია წინა წლებთან შედარებით მცირდება თვითმმართველობისთვის გამოყოფილი თანხები, უნივერსიტეტში ხდება სასიკეთო ცვლილებები, მაგალითად პლაგიატის წინააღმდეგ კანონის მიღება და ერთიანი სამეცნიერო სტანდარტის შემოღება, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან უნივერსიტეტში არსებული "ბნელი" აზროვნების ძალები. შეიძლება ამ პროცესში მონაწილეობდეს განათლების სამინისტრო, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად. საბოლოოდ ამან გამოხატულება ჰპოვა, როცა აკადემიურ საბჭოზე გაისმა საუბარი რექტორის იმპიჩმენტის საკითხზე. კონკრეტულ სახელებს ვერ დავასახელებ, ეს არაფორმალური ინფორმაციაა. ვინც ეს განაცხადა, მათი არგუმენტი იყო, რომ რექტორი თავის მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებს. მე ვფიქრობ, რომ რექტორს ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული ამ სამი წლის განმავლობაში, თუმცა, ვთვლი, რომ ის ერთ-ერთი მოწინავეა, რომელსაც შეუძლია უნივერსიტეტი პროგრესულ გზაზე დააყენოს",- ამბობს კუპრაძე.
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტი, გიორგი არობელიძე ამბობს, რომ სტურდენტების პროტესტი აპარტიულია და მას არანაირი კავშირი არ აქვს რომელიმე პოლიტიკურ ფიგურასთან ან პარტიასთან. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სტუდენტებთან იმყოფებოდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს, თუმცა სტუდენტებს მათთან სალაპარაკო არაფერი აქვთ,- "რაც შეეხება პოლიტიკოსების განცხადებებს, მადლობას ვუხდით მათ, ვინც იზიარებს ჩვენს აზრს, მაგრამ უნდა იცოდეს ყველამ, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები არის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გადასაწყვეტი."
სტუდენტები მოითხოვენ კანცლერის არჩევნების სისტემის რეფორმირებას და გიორგი გაფრინდაშვილს მოუწოდებენ, რომ მოხსნას კანდიდატურა. ასევე, მათი მოთხოვნაა, რომ შესაბამისმა უწყებებმა წარმოადგინონ სტუდენტური თვითმმართველობის იმგვარი ცვლილება, რომელიც, სტუდენტების ერთ კონკრეტულ ჯგუფს აღარ აღმოაჩენს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. სტუდენტების მოთხოვნით, უნივერსიტეტიდან აუცილებლად უნდა გავიდეს უშიშროების თანამშრომლები და ამ თემაზე მოკვლევა უნდა დაიწყოს.