ერეკლე დეისაძის ადვოკატის, თორნიკე უსტარაშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის დეისაძე თავისუფალია. კანცელარიასთან ერთსაათიანი, ხოლო ორთაჭალის განყოფილებაში ნახვრასაათიანი დაყოვნების შემდეგ პოლიციელებმა ის გაათავისუფლეს. თუმცა ადვოკატისთვის უცნობია, რის საფუძველზე მიიღო პოლიციამ ასეთი გადაწყვეტილება.
უსტარაშვილის თქმით, მას დაცვის უფლების განხორციელება შეუზღუდეს, არ შეუშვეს ორთაჭალის პოლიციის განყოფილებაში და დეისაძესთან ამ დრომდე არ უსაუბრია.
ერეკლე დეისაძე კანცელარიასთან გამართული პერფორმანსის დროს დააკავეს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, მან კანცელარიის შენობაზე პროექტორის მეშვეობით გასპარ ნოეს ფილმი გაუშვა.
დეისაძე სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, რაც პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
ფოტო: ლექსო მაჭავარიანი