
თსუ-ის პროფესორი თამარ გაგოშიძე სოლიდარობას უცხადებს სტუდენტებს და მიაჩნია, რომ მათი ყველა მოთხოვნა სწორი და მართებულია. გაგოშიძის თქმით, ეს ეხება, თვითთმმართველობასთან დაკავშირებული რეგულაციების შეცვლას და ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის შესაძლო არსებობის საკითხზე გამოძიების დაწყებას.
თამარ გაგოშიძე, რომელიც სტუდენტების საორგანიზაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, „ლიბერალთან“ საუბარში აცხადებს, რომ მისი თაობის სტუდენტებისგან განსხვავებით, დღეს სტუდენტები საქმიანები და კონსტრუქციულები არიან. პროფესორი იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროცესი უნივერსიტეტის ცხოვრებაში რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს.
„ამ შემთხვევაში მე მიკერძოებული ადამიანი ვარ, იმ გაგებით, რომ ლადო პაპავას მოსვლის შემდეგ უნივერსიტეტში ახალი ეტაპი დაიწყო, რადგან, ფაქტობრივად, მას უკავშირდება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოყოფა, რაც მისასალმებელია. მეცნიერების და სასწავლო პროცესის განაცრისფერების პერიოდში ეს დიდი რევოლუცია იყო. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება პირადად ამ ადამიანის მიმართ ბუნებრივია, ძალიან დადებითია, რადგან, ამით, მან ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები გადაარჩინა“, - უთხრა ლიბერალს“ თამარ გაგოშიძემ, - „მთელი 10 წლის განმავლობაში უნივერსიტეტს მიზანმიმართულად ამცირებდნენ, ავიწროებდნენ. ეს აქ ყოველთვის გაცილებით უფრო ძლიერად იგრძნობოდა, ვიდრე სხვა უნივერსიტეტებში. შესაბამისად, დღეს ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს. ვიღაცეებს ეს არ მოსწონთ. არ ვიცი ისინი, ვინ არიან. რეალურად უნივერსიტეტი ყოველთვის იყო პოლიგონი და ახლა იმედი მაქვს, ასე არ იქნება“ .
თსუ-ში სტუდენტებთა საორგანოზაციო შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც სტუდენტებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას - სამუშაო შეხვედრებში იმ ლექტორებმაც მიიღონ მონაწილეობა, ვინც შეკრებილ სტუდენტებს ემხრობა.