ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებას გმობს.
TDI-ს განცხადებით, 11 მარტს, „იმედის" ტოქშოუ „პოლიტიკის" ეთერით, ირაკლი სესიაშვილმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შსს-ს უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრის, ე.წ „ოდეერის“ არსებობა ქსენოფობიური მოტივით ახსნა და გაამართლა.
სესიაშვილის თქმით, „ოდეერი“ უნივერსიტეტში კონტრსადაზვერვო მიზნებით ფუნქციონირებს, და განსაკუთრებით, უცხოელი სტუდენტებისგან ადგილობრივი სტუდენტების ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანების საფრთხისგან დაცვას ემსახურება.
„მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან გაკეთებული ხსენებული განცხადება საქართველოში მცხოვრები უცხოელი და ადგილობრივი, განსაკუთრებით, მუსლიმური აღმსარებლობის სტუდენტების სტიგამტიზაციის, მარგინალიზების, მათი პოტენციურ საფრთხედ აღქმის, რელიგიური, ეთნიკური, რასის, კანის ფერის, მოქალაქეობის ნიშნების მიხედვით დისკრიმინაციული გარემოს წახალისებისა და ქსენოფობიური, შეუწყნარებელი განწყობების გაძლიერების რისკს შეიცავს.
თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია, საგანმანათლებო დაწესებულებისა და აკადემიური სივრცის კონტროლი უშიშროების სამსახურის თანამშრომლებისა და ისეთი ინსტიტუტის მიერ, რომელიც ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს ექვემდებარება და აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის მმართველობაში.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გმობს ირაკლი სესიაშვილის პოზიციას, მოუწოდებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, მოიხადოს ბოდიში და სამომავლოდ, თავი შეიკავოს ქსენოფობიური რიტორიკისგან.
ყოველივე ამასთან ერთად, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სთავაზობს უფასო იურიდიულ დახმარებას სტუდენტებს, მათ მიმართ რელიგიური, ეთნიკური ან/და რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის გამოვლენის შემთხვევაში", - ნათქვამია TDI-ს განცხადებაში.