თსუ-ში შეკრებილ სტუდენტებს დღეს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების რამდენიმე დეკანი შეხვდა. მათ შორის იყო იურიდიულ ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული. მის გამოსვლას სტუდენტები უკმაყოფილებით შეხვდნენ. „სამართლის უსამართლო დეკანი!“ - ამ შეძახილით მიმართავდნენ ისინი ბურდულს.
სტუდენტების უარყოფითი დამოკიდებულება ბურდულისადმი გამოიწვია იმან, რომ ის მხარს უჭერს კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილს, რომლის კანდიდატურის მოხსნასაც სტუდენტები რამდენიმე დღეა მოითხოვენ.
„იურიდიული ფაკულტეტი იქცა რეპრესიულ მანქანად, ორშაბათს, თვითმმართველობის აქცია არის შეთანხმებული იურიდიულ ფაკულტეტთან, არის შეთანხმებული დეკანთან. ამ დღეების განმავლობაში, მთელი სტუდენტური თვითმმართველოს ბლოკ-პოსტი გადატანილია მეორე კორპუსში, და თქვენი და გიორგი გაფრინდაშვილის შეთანმხების გარეშე ორშაბათის თვითმმართველობის აქცია არ დაიგეგმებოდა. ეს არის გამიზნული პროვოკაცია, 3 დღის ადრე გვქონდა ჩვენი აქცია დაანონსებული. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება რომ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება სტუდენტებს შორის და შემდეგ დადგეს რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, ეს არის საბოტაჟი თქვენი მხრიდან“, - მიმართა ბურდულს თსუ-ის სტუდენტმა ირაკლი კუპრაძემ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერის თანამდებობაზე წარდგენას რეკომენდაცია იურიდიულმა ფაკულტეტმა გაუწია. „ლიბერალთან“ საუბრისას ფაკულტეტის დეკანი, ირაკლი ბურდული განმარტავს, რომ გაფრინდაშვილი უკვე წლებია უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მუშაობს, იურიდიული ფაკულტეტი ადმინისტრაციის დონეზე მასთან წარმატებით თანამშრომლობდა, იგი ახალგაზრდა, პერსპექტიული და გამოცდილების მქონე კადრია.
„შესაბამისად, ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ჩვენ მივიჩნიეთ, რომ კანცლერი შიდა საუნივერსიტეტო საზოგადოებიდან უნდა ყოფილიყო, რომელსაც ადმინისტრაცია დაუჭერდა მხარს. ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვედრები გვქონდა რექტორთან. ჩვენ ყველამ, გაფრინდაშვილის კანდიდატურას დავუჭირეთ მხარი. იურიდიულმა ფაკულტეტმა ინსტიტუციურად დაუჭირა მას მხარი, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ აუცილებლად გიორგი გაფრინდაშვილი უნდა ყოფილიყო კანდიდატი. თუ იქნებოდა უკეთესი კანდიდატი, აკადემიური საბჭო უკეთეს კანდიდატს წარუდგენდა სენატს".