სტუდენტები 115-ე აუდიტორიიდან 15 მარტს, აქციას 11 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან განახლებას გეგმავენ და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ:
"ჩვენი აქცია უნივერსიტეტის რეალური ავტონომიისთვის გრძელდება. დღეს, 15 მარტს, 11:00 საათიდან შემოგვიერთდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან.
გუშინდელი, 14 მარტის აქცია დასრულდა დაძაბულობით სტუდენტური თვითმმართველობისა და ჩვენს, დამოუკიდებელ სტუდენტებს შორის. თვითმმართველობის მიერ კონტრაქციის იმავე დროსა და ადგილას დანიშვნა იყო ცალსახა პროვოკაცია, რამაც შესაბამისი შედეგებიც გამოიღო. ჩვენ მარტო აღმოვჩნდით თვითმმართველობის მიერ მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების და პოლიციის პირისპირ. შენობაში ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. ჩვენ ვითხოვთ:
• დაიწყოს გამოძიება ძალადობის ფაქტებზე, როგორც სტუდენტების, ასევე ჟურნალისტების მიმართ.
• დადგეს თვითმმართველობის ლიდერების პასუხისმგებლობა და მოვუწოდებთ მათ დატოვონ თავისი მანდატები.
• ვითხოვთ, შეიცვალოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, კერძოდ თვითმმართველობის შესახებ თავი, რათა ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდეს თვითმმართველობის ინსტიტუტის ფუნდამენტური რეფორმირება.
• ვითხოვთ, შეიცვალოს აკადემიური საბჭოს, კანცლერისა და რექტორის არჩევის წესი.
• პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს ოდეერების საკითხს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ვითხოვთ, ოდეერის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ დატოვონ სახელმწიფო უნივერსიტეტები.
ხელშესახები ცვლილებების დროა. ეს საერთო ბრძოლაა.
შემოგვიერთდით!", - წერია სტუდენტების განცხადებაში.