
პრემიერ-მინისტრის განცხადებას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ 115-ე აუდიტორიაში შეკრებილი სტუდენტები აფასებენ. „ლიბერალს” ლევან ლორთქიფანიძე ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადება აღვიქვით ასე: პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სასწავლო პროცესს, სივრცე უნდა დატოვონ. ჩვენ ამას ვეთანხმებით. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 115-ე აუდიტორიაში შეკრებილი ადამიანები არანაირ საფრთხეს არ უქმნიან სასწავლო პროცესს და, შესაბამისად, პრემიერის მოწოდება, რომლის თანახმადაც, ძალოვან სტრუქტურებს შიგნით წესრიგის აღდგენას ავალებს, ჩვენ არ გვეხებოდა. რაც შეეხება მეორე საკითხს - პარიტეტული კომიტეტის შექმნას - ამის წინააღმდეგები ვართ და არ ვაპირებთ, მოძალადეებთან ერთად საერთო მაგიდაზე დავსხდეთ. თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს და პარიტეტულ კომიტეტთან დაკავშირებულ საკითხს ჩვენს მეგობრებთან ერთად განვიხილავთ. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაუშვა შეცდომები. ხელმძღვანელობაში იგულისხმება რექტორიც და უფრო მეტად აკადემიური საბჭოს წევრები. მხოლოდ რექტორზე აქცენტის გადატანა არაა საჭირო. ყველა დამნაშავეა”, - განუცხადა „ლიბერალს” ლევან ლორთქიფანიძემ. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, მთავრობა ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს. განცხადების მიხედვით, შსს-მ შესაბამისი დავალება უკვე მიიღო. „ვინაიდან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების იმგვარად წარმართვა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის სტუდენტებს, მშვიდ და სტაბილურ გარემოში შეძლებოდათ საკუთარი აზრის დაფიქსირება და მათი პოზიცია ყოფილიყო სათანადოდ გააზრებული, ვავალებ განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალსა და ხელმძღვანელ პირებთან პარიტეტულ საწყისებზე, რათა მოხდეს შექმნილი პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრა", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. დღეს თსუ-ში სტუდენტთა აქციები დილიდან განახლდა. უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებიან როგორც 115-ე აუდიტორიის წევრები და მხარდამჭერები, ისე სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და მათი მხარდამჭერები. მათი მოთხოვნები განსხვავებულია. სტუდენტური თვითმმართველობაა რექტორის გადადგომას ითხოვს. ისინი ამ მიზნით დღეს რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. შეჭრილ სტუდენტებს შეხვდა რექტორი პაპავაც, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას. 115-ე აუდიტორიის წევრები რექტორს მოუწოდებენ, არ გადადგეს. „არ გადადგე!” „არ უღალატო უნივერსიტეტეს!” „არ შეგეშინდეს!” - სკანდირებდნენ უნივერსიტეტის შიგნით და ეზოში შეკრებილი სტუდენტები.